შერეული რასის ქალი, სავარაუდოდ, აივ-ინფექციისგან განიკურნა — პირველი შემთხვევა ისტორიაში
ჭიპლარის სისხლში არსებული, აივ-ინფექციის მიმართ რეზისტენტული ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით მეცნიერებმა დაავადებისგან, სავარაუდოდ, შერეული რასის ქალი განკურნეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. "ნიუ იორკის პაციენტს", როგორც მას მოიხსენიებენ, ხანგრძლივი რემისია დაუფიქსირდა და თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ის სრულად ჯანმრთელად გამოცხადდება.
მის ორგანიზმში სპეციალისტებმა თავსებადი ზრდასრული დონორის ღეროვანი უჯრედები გადანერგეს, რის შედეგადაც ქალს აივ-ინფექცია, 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე, აღარ აქვს. მკვლევრები ამბობენ, რომ აივ-ინფექცია რასობრივად განსხვავდება, ამიტომ ამა თუ იმ რასის პირებისთვისა და ფერადკანიანებისთვის სათანადო, არანათესავი ზრდასრული დონორის პოვნა ძნელია (ამ მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალებსა და კაცებს შორისაც). ჭიპლარის სისხლის გამოყენება კი შესაძლოა, ნებისმიერი მათგანის განკურნებაში დაგვეხმაროს.
დღესდღეობით გლობალურად აივ-ინფექცია დაახლოებით 38 მილიონ ადამიანს აქვს, რომლებსაც ანტივირუსულ თერაპიას მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნიშნავენ. განსხვავებული მიდგომაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რისი მეშვეობითაც პირველად 2009 წელს "ბერლინის პაციენტი" განიკურნა, მას მოჰყვა "ლონდონის პაციენტი", ხოლო შემდეგ "დიუსელდორფის პაციენტი". ყველა შემთხვევაში დონორები თავსებადი ზრდასრულები იყვნენ, რომლებსაც აივ-ინფექციის მიმართ რეზისტენტულობის ხელშემწყობი CCR5-delta32-ის მუტაციის ორი ასლი ჰქონდათ.
პრობლემა ისაა, რომ ასეთი ორი ალელი თეთრკანიანი მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს, სხვა პოპულაციებში კი უფრო ნაკლები მაჩვენებელია. ფერადკანიანი ადამიანებისთვის ეს დიდი დაბრკოლებაა, რადგან ისინი იდეალურად თავსებად დონორებს ასე მარტივად ვერ პოულობენ.
ხსენებული დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა CCR5-delta32/32 მუტაციის მატარებელი ჭიპლარის სისხლი გამოიყენეს, რათა აივ-ინფექცია და ლეიკემია ერთდროულად განეკურნათ. ამასთან, მათ ქალის სხეულში მისი ნათესავის ღეროვანი უჯრედებიც შეიყვანეს იმისთვის, რომ წარმატების შანსი გაეზარდათ.
შედეგად, 4 წელზე მეტია, პაციენტს დაავადების რემისია აღენიშნება. პროცედურიდან 37 თვეში მან აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ანტივირუსული თერაპია შეწყვიტა და აქედან მოყოლებული 30 თვეა, რაც ტესტები უარყოფით პასუხს უჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი ინვაზიურად მიიჩნევა, ამიტომ მას მხოლოდ ისეთ დროს მიმართავენ, როცა აივ-ინფექციასთან ერთად სხვა დაავადებაც ფიქსირდება. ასევე, პაციენტები შემდგომ ქიმიოთერაპიას ან რადიაციულ თერაპიას საჭიროებენ, რაც რთული პროცესია. ამის მიუხედავად, ეს მიდგომა იმედისმომცემია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.
კომენტარები