მომავალში ტელეფონები ყურის კანქვეშ ჩამონტაჟდება — ამბობს "მობილური ტელეფონის მამა"
ცნობილი ამერიკელი ინჟინერი, გამომგონებელი და უსადენო კომუნიკაციის პიონერი, "მობილური ტელეფონის მამად" წოდებული მარტი კუპერი მომავლის ტექნოლოგიებზე ალაპარაკდა. მისი აზრით, საკომუნიკაციო გაჯეტები პირდაპირ მომხმარებელთა ყურის მომდებარედ, კანქვეშ ჩამონტაჟდება, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სცენარს მოგვაგონებს, მაგრამ შესაძლოა. რეალობისგან შორს სულაც არ იყოს.
"მომავალ თაობას ტელეფონი ყურის კანქვეშ ჩაუმონტაჟდება. ჩვენი სხეული იდეალური დამტენია, როდესაც საჭმელს ვიღებთ, ორგანიზმი ენერგიას გამოიმუშავებს, ხომ ასეა? სწორედ მცირეოდენი ენერგიაა საჭირო ამგვარი ,ყურსამაგრის, ასამუშავებლად", — განაცხადა მარტი კუპერმა ახლახან გამართულ ღონისძიებაზე.
გამომგონებელმა, ასევე, სმარტფონების გამოყენებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებზეც ისაუბრა, როგორიც სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება და პირადი ინფორმაციის დაუცველობაა. ამის მიუხედავად, მას ეჭვია არ ეპარება, რომ ტექნოლოგია განვითარებას განაგრძობს. კერძოდ, კუპერს მიაჩნია, რომ ადამიანებს შეუძლიათ, ეს მიღწევები სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ანუ გარკვეული სფეროების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.
მისი აზრით, თანამედროვე სმარტფონები ზედმეტად რთული მახასიათებლების მქონეა, უამრავი აპლიკაციითა და ეკრანით, რომელიც ადამიანის სახის მრუდს სრულებით არ ერგება. ამის გამო მსგავსი მოწყობილობების ხელში დაჭერა არაკომფორტულად, უჩვეულოდ გვიწევს.
საინტერესოა, რომ 1973 წლის 3 აპრილს მარტი კუპერი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ხელში დასაჭერი პორტატიული მობილური ტელეფონით საჯაროდ დარეკა. ამისთვის მან Motorola-ს გუნდის მიერ 5 თვეში შექმნილი DynaTAC-ის პროტოტიპი გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც ზარი კონკურენტ Bell Laboratories-თან გაუშვა. მომდევნო წლებში ის ამ მოწყობილობის კომერციულ ვერსიაზე მუშაობდა.
ასე დაიწყო მობილური ტელეფონების რევოლუცია, თუმცა კუპერის თქმით, მაშინ ვერ იფიქრებდნენ, რომ ასეთი ისტორიული მომენტის მონაწილენი იყვნენ. მათი საფიქრალი მხოლოდ ის იყო, იმუშავებდა თუ არა გაჯეტი და, როგორც ვხედავთ, ეს ნამდვილად მოხდა.
"ვიცოდით, რომ კავშირგაბმულობა მნიშვნელოვანი იყო. ვხუმრობდით კიდეც, რომ ერთ დღესაც ადამიანს დაბადებისთანავე მიენიჭებოდა მობილურის ნომერი და თუ ტელეფონს არ უპასუხებდა, მოკვდებოდა", — იხსენებს კუპერი.
ახდება თუ არა მისი პროგნოზი კანში ჩასამონტაჟებელ ტელეფონებზე, მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები