ჩვენი გალაქტიკა შესაძლოა, იმაზე მეტ ვარსკვლავს წარმოქმნიდეს, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით
ჩვენი გალაქტიკის ყველაზე ენერგიული სინათლის შესწავლის გზით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ირმის ნახტომში იმაზე მეტი ვარსკვლავი წარმოიქმნებოდეს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
საუბარია გამა გამოსხივებაზე, რომელიც მნათობთა ფორმირების პროცესში გამოყოფილი იზოტოპების რადიოაქტიური დაშლის შედეგად ჩნდება. მასზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ვარსკვლავები ყოველწლიურად მზეზე 4-9-ჯერ მეტი მასის პროპორციულად წარმოიქმნება, რაც აქამდე არსებულ მაჩვენებელს 2-4-ჯერ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომი ჯერ კიდევ საკმაოდ აქტიურია.
ამ ყველაფერს ჩვენი მშობლიური გალაქტიკის ევოლუციის შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალი მნათობების ჩამოყალიბებისა და სიკვდილის ტემპი მთლიანი სისტემის ქიმიურ შემადგენლობას ცვლის. მძიმე ელემენტები სწორედ ამ დროს მიიღება და კოსმოსში იფანტება, მსგავსი ღრუბლებიდან კი მნათობთა მომდევნო პოპულაცია იბადება.
მაღალენერგიულობით არა მხოლოდ ვარსკვლავთა აღსასრული, არამედ ფორმირებაც გამოირჩევა. ის მტვრისა და აირის კოლაფსსა და გარემომცველი მატერიის მიერთებას გულისხმობს, სანამ ბირთვული სინთეზის წამოსაწყებად საკმარის წნევასა და ტემპერატურას მიაღწევს. ამის შემდეგ მათგან მძლავრი ვარსკვლავური ქარი და პოლუსებიდან მომავალი ნაკადები გამოიყოფა, რომლებიც მაგნიტური ველის გავლენით ჩქარდება.
მნათობთა სიკვდილთან ასოცირებული ერთ-ერთი რადიოაქტიური იზოტოპი ალუმინ--26-ია, რომლის ნახევრად დაშლის პერიოდიც 717 000 წელია. ალუმინ--26 ახალდაბადებული ვარსკვლავების მახლობლად არსებულ ღრუბლებშიც გვხვდება. როცა ეს მატერია ობიექტში ბგერის სიჩქარეზე სწრაფად ჩაედინება, დარტყმითი ტალღა კოსმოსურ რადიაციას აჩენს, სხვა იზოტოპებთან მისი ურთიერთქმედებისას კი ალუმინ--26 ფორმირდება.
შესაბამისად, მისი გამოკვლევით შესაძლებელია გავიგოთ, თუ რა ტემპით იბადება ახალი მნათობები ირმის ნახტომში. ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 7-8 ვარსკვლავია, ახალი კვლევის თანახმად კი შესაძლოა, 55-მდე იყოს.
დაზუსტებით რამის თქმა მარტივი არაა, რადგან ეს დამოკიდებულია გამა გამოსხივების წყაროსთან დისტანციასა და სხვა დეტალებზე, რომლებიც ძნელად გამოსაცნობია. ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები