ასტრონომებმა ჯუჯა გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელები შერწყმის პროცესში პირველად დააფიქსირეს
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა შერწყმის პირას მყოფი შავი ხვრელები დააფიქსირეს, რომელთაგანაც თითოეული ჯუჯა გალაქტიკათა 2 წყვილის ცენტრშია განლაგებული. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ადრეულ სამყაროში მიმდინარე მსგავსი პროცესების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.
პირველი წყვილი დედამიწიდან დაახლოებით 760 მილიონი სინათლის წლის მოშორებით, Abell 133-ის სახელით ცნობილ გალაქტიკათა შეჯგუფებაში მდებარეობს. მეორე კი Abell 1758S-ად წოდებულ შეჯგუფებაშია, რომელთან დისტანციაც 3.2 მილიარდ სინათლის წელს შეადგენს.
"ასტრონომებს დიდი გალაქტიკების შავი ხვრელების შერწყმის შემთხვევებისთვის ბევრჯერ მიუგნიათ, მაგრამ ამის დაფიქსირება ჯუჯა გალაქტიკებში აქამდე უშედეგო გამოწვევად რჩებოდა", — ამბობენ მკვლევრები.
საქმე ისაა, რომ ზომის სიმცირის გამო მათი სინათლე შესამჩნევად კაშკაშა არაა, რის გამოც ასეთ ობიექტებზე დაკვირვება ძნელია. მსგავს გალაქტიკებში არსებული ვარსკვლავების საერთო მასა 3 მილიარდზე ნაკლები მზის მასაა, ჩვენი გალაქტიკის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60 მილიარდია.
უკანასკნელი კვლევისთვის ავტორებმა სხვადასხვა ობსერვატორიის რენტგენული და ოპტიკური მონაცემები გააერთიანეს, მათ შორის Chandra-ს, WISE-ისა და კანადა-საფრანგეთ-ჰავაის ტელესკოპის.
Abell 133-ში დაფიქსირებულ წყვილს მეცნიერებმა Mirabilis შეარქვეს, რაც ფრინველ კოლიბრის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, რომლის წარმომადგენლებსაც გრძელი კუდი აქვთ. სწორედ ასეთი მოგრძო სტრუქტურა შეინიშნება ამ გალაქტიკების მიმდებარედაც, რაც შერწყმის პროცესის შედეგია.
Abell 1758S-ში განლაგებული მეორე წყვილი შერწყმის ამ სტადიამდე ჯერ არ მისულა, ამიტომ მათ სახელები Elstir და Vinteuil უწოდეს მარსელ პრუსტის წიგნიდან "დაკარგული დროის ძიებაში". ეს გალაქტიკები ვარსკვლავებისა და აირისგან შემდგარი ერთგვარი ხიდით უკავშირდება ერთმანეთს.
მიიჩნევა, რომ სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე სწორედ მსგავსი ჯუჯა გალაქტიკების გაერთიანებამ წარმოქმნა უფრო დიდი ზომის სისტემები, როგორიც ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომია. შესაბამისად, მათი შესწავლა კოსმოსის წარსულზე ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.
კომენტარები