შესაძლოა, ნორმალური წნევის მნიშვნელობა არასწორად გესმოდეთ — როგორი უნდა იყოს მაჩვენებელი?
ამერიკის გულის ასოციაციის მოხსენებით, 20 წელს გადაცილებულ ამერიკელთა ნახევარს — 122 მილიონზე მეტ ადამიანს — სისხლის მაღალი წნევა აწუხებს, ხოლო 65+ ასაკის ადამიანებში კი ჰიპერტენზიის სიხშირე 75%-ზე მეტია. მაშინაც კი, თუკი წნევა ამჟამად ნორმალური გაქვთ, როგორც წესი, ასაკში შესვლასთან ერთად იგი მატულობს ხოლმე.
ეს პრობლემა, ჰიპერტენზია, გულის დაავადებისა და ინსულტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ხშირად გვგონია, რომ წნევის საკითხში ნორმისა და პათოლოგიის გამიჯვნა კარგად შეგვიძლია, თუმცა ამერიკის მოსახლეობაზე ჩატარებული კვლევა ამის საპირისპიროს მოწმობს.
კერძოდ, მეცნიერებმა აშშ-ის 6 500 მაცხოვრებელი შეისწავლეს და სისხლის წნევასთან დაკავშირებით მათი ცოდნა შეამოწმეს. დადგინდა, რომ ცდისპირთა 64% ამ მხრივ საკმაოდ თავდაჯერებული გახლდათ, თუმცა აქედან მხოლოდ 39%-მა იცოდა სწორად, როგორია ჯანსაღი წნევა.
ვინაიდან მდგომარეობა, ჩვეულებრივ, უსიმპტომოა, შესაძლოა, სისხლის მაღალი წნევა თქვენც გქონდეთ, თუმცა ვერ ამჩნევდეთ — ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში მაღალი წნევა ამერიკელთა დაახლოებით 70%-ს მაინც აქვს, თუმცა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა მხოლოდ 25% აკონტროლებს მას.
მართალია, აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს მოსახლეობაზე ვერ განვაზოგადებთ, თუმცა უმჯობესია, თავის დაზღვევის მიზნით საკითხი კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ. ეს გულის შეტევისა თუ ინსულტის რისკების შემცირებაშიც დაგეხმარებათ, რაც გულის, ასევე თირკმლის დაავადებებისა და დიაბეტის მქონე პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რას ნიშნავს რიცხვები
სისხლის წნევა ორი სხვადასხვა რიცხვით იზომება. პირველი სისტოლური წნევაა, რომელიც არტერიებში გულის შეკუმშვისას ვითარდება. მეორე მხრივ, არსებობს დიასტოლური წნევაც, რომელიც არტერიებში გულის მოდუნებისას არსებულ წნევას აღნიშნავს.
სისხლის წნევა მმ ვწყ. სვ. — მილიმეტრები ვერცხლისწყლის სვეტისა — ერთეულებში იზომება.
ზრდასრულთათვის ჯანსაღი წნევა 120/80 მაჩვენებელზე ნაკლები უნდა იყოს. პირველი სტადიის ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევის მსუბუქი სტადია, 130/80 მაჩვენებელზე იწყება, ხოლო მეორე სტადიის ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევის მეტად სერიოზული ფორმა, კი — 140/90-ზე.
ორივე მაჩვენებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სისტოლური წნევის 20, ხოლო დიასტოლური წნევის 10 ერთეულით მომატება გულის შეტევით ანდა ინსულტით სიკვდილის შანსებს აორმაგებს.
იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი წნევის საპრევენციოდ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ, ბმულზე სტატიას გაეცნოთ.
კომენტარები