ხელოვნური სუნთქვის 5 ახალი პერსონაჟი, რომელმაც უკვე მოახერხა და თავი შეგვაყვარა
პოპულარული ქართული სერიალი ხელოვნური სუნთქვა 6-წლიანი პაუზის შემდეგ იანვრის თვეში დაბრუნდა. საყვარელ გმირებს მაყურებელი კვირაში ორჯერ ახლა უკვე კავეა პლუსზე ხვდება. თუმცა, ნაცნობ პერსონაჟებთან ერთად, თვალშისაცემია ახალი სახეების და სახელების სიმრავლეც. სერიალის მესამე სეზონში, რომელიც დრამატულობით წინამორბედებს არ ჩამოუვარდება, უამრავი ახალი სიუჟეტური ხაზიც გაჩნდა.
ადრე დაწერილ სტატიაში ვთქვი, ხელოვნური სუნთქვის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სიღრმისეული პერსონაჟებია-მეთქი. ამდენად, ლოგიკურია, რომ გმირებს სწორხაზოვნად, სქემატურად ვერ დავახასიათებთ — მათ, როგორც რეალურ ადამიანებს, აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამასთან, რაც აუცილებლადაა მხედველობაში მისაღები, აქვთ საკუთარი ისტორია და წარმომავლობა, რომელსაც თითოეულ სერიაში ძალიან კარგად ვეცნობით. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, მათ პიროვნულ თვისებებს თუ საქციელს ახსნას უძებნის.
ხელოვნური სუნთქვის ქვემოთ ჩამოთვლილი ახალი პერსონაჟებიც არ არიან სრულყოფილები, თუმცა, გამოჩენიდან მოკლე პერიოდში მაინც მოახერხეს და მაყურებლის სიმპათია დაიმსახურეს.
სტატიაში შეხვდებით სპოილერებს ხელოვნური სუნთქვის მე-3 სეზონიდან
1. ანდრო
ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზეო, თუ ვინმეს შეუძლია ამ სერიალში თქვას, ანდროა. კლინიკაში ინტერნად მომუშავე პერსონაჟი მეტ-ნაკლებად კარგად გავიცანით და გავიგეთ, რომ მამას იგი ადრეულ ასაკშივე მიუტოვებია, რის შემდეგაც დედამ მეორედ იქორწინა. ამ ქორწინებამ, რბილად რომ ვთქვათ, არ გაამართლა, რადგან ახლა ანდროს დედას, მცირეწლოვანი ბავშვის გაზრდასთან ერთად, საოჯახოს საქმეების ტვირთის ზიდვაც მარტოს უხდება. ამასთან, ანდროს, რომელიც სამედიცინო განათლებას იღებდა, ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსიც შეჩერებული აქვს.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვხედავთ, რომ პერსონაჟს სიყვარულის უნარი არ დაუკარგავს. მერე რა, რომ ეს სიყვარული ცალმხრივია და, დიდი ალბათობით, მომავალიც არ აქვს. რიგ შემთხვევებში კიდეც რთულია, ანდროს საქციელს გამართლება მოუძებნო, მაგრამ მელანოსადმი გამოჩენილი მისი ყურადღება და მზრუნველობა იმედის მომცემია.
უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მსახიობის, სანდრო სამხარაძის, გამორჩეული შესრულება, რომლის დამსახურებაცაა დიდწილად ჩვენი კეთილგანწყობა მისი პერსონაჟისადმი.
2. ნატა
რადგან იმაზე ვსაუბრობთ, რა როლს ასრულებს მსახიობის შესრულება პერსონაჟისადმი მაყურებლის დამოკიდებულების შექმნაში, ვახსენოთ ნატაც — სახელმოხვეჭილი ექიმის შვილი, რომელიც მე-3 სეზონშიც მოგვიანებით გამოჩნდა. ჯერ სულ რამდენიმე სერიაში მონაწილეობის მიუხედავად, ნანკა კალატოზიშვილის პერსონაჟმა მაყურებელში სიმპათიაც გამოიწვია, თანაგრძნობაც და, ვეჭვობ, ცრემლებიც.
კალატოზიშვილს აქამდეც არაერთ ცნობილ ფილმსა და სერიალში მონაწილეობით ვიცნობდით, თუმცა, მისმა სამსახიობო ოსტატობამ ხელოვნურ სუნთქვაში მაინც ყველა აღგვაფრთოვანა. მსახიობის ზოგჯერ უსიტყვო სცენებმაც კი, სადაც მშობელდაკარგული პერსონაჟის განცდებს ვხედავთ, იმდენად მძაფრად გვაგრძნობინა ნატას მდგომარეობა, რომ სხვა გზა აღარც გვრჩება — ბევრი ჩვენგანი მას უკვე კლინიკის წინააღმდეგ წამოწყებულ დავაშიც ვგულშემატკივრობთ.
3. ბექა
მაყურებლები ხუმრობენ, მსახიობ გიგა დათიაშვილს ყველა სერიალში იმ პერსონაჟის როლი აქვს, რომელსაც უიმედოდ უყვარდება უკვე ურთიერთობაში მყოფი გმირებიო. ეს ამბავი, მგონი, სიმართლისგან არც ისე შორსაა, მაგრამ ბექას პერსონაჟი მსახიობის სხვა ტელეროლებისგან მაინც დიდად განსხვავდება.
ბექას აქამდე გამოვლენილი თვისებებიდან ყველაზე თვალშისაცემი შეუპოვრობა და მზრუნველობაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ მისი და თამუნას ურთიერთობას ისეთი გაგრძელება მოჰყვება, როგორსაც თავად იმედოვნებს, მაგრამ სერიალში მისი დიდხანს ყოფნა მაინც გამიხარდებოდა. მით უმეტეს, ახლა, როცა თოფურიას კლინიკის წინააღმდეგ საქმეს ხელი მოჰკიდა, კიდევ უფრო ვგულშემატკივრობ, რომ პირად თუ არა, პროფესიულ ცხოვრებაში მაინც მიაღწიოს წარმატებას. ისე კი, ჩემი სუბიექტური აზრით, შოთაზე მეტადაც შეეფერება თამუნას...
4. კარინა
ვიცი, ამაზე ზოგს გაეცინება, ზოგიც — განაწყენდება, მაგრამ ორივე რეაქციისთვის მზად ვარ. თანაც, დარწმუნებული ვარ, ეკა ჩავლეიშვილის განსახიერებულმა კარომ მხოლოდ ჩემი გული არ მოიგო იმ ერთი სცენით, სადაც სასოწარკვეთილ მელანოს ეხუტება და ისე ანუგეშებს. რეალურად, ამ სცენამ და მისმა ნათქვამმა — ხანდახან ისე მწარედ ვიტყვი რამეს, საკუთარი თავის მეც მეშინიაო — გვაჩვენა, რომ კარინა მკაცრ იმიჯს დიდწილად თავისი თავის დასაცავად იქმნის.
საკუთარი თავის დასაცავად "ჯავშნის" მორგება კი ალბათ ისედაც აუცილებელია ასეთ სტრესულ სფეროში სამუშაოდ. თუმცა, ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, რომ კარინა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, აღმზრდელი ექიმის "მკვლელობამაც" ვერ გატეხოს, ყოველგვარ ჯავშანს და იმიჯს კარგავს და ტირის. ჩემთვის კი, სერიალის ეს მონაკვეთი და პერსონაჟის ძალიან ადამიანური, დაუცველი მხარის ჩვენებაც ემოციური აღმოჩნდა.
5. ნინო
დაბოლოს — დრამატული ისტორიის მქონე ამდენი პერსონაჟის შემდეგ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნინოც, რომლის ამბავიც არანაკლებ მძიმეა. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით, რომ, სავარაუდოდ, ეპიზოდური როლით გამოჩენილმა პერსონაჟმა სერიალში დიდი ხალისი შემოიტანა.
ეს ამბავი კი სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ გმირს თეონა ლეჟავა ასახიერებს — არც მეტი, არც ნაკლები, ლელას ვოისის შემქმნელი. როგორც ვთქვით, ნინოს ისტორიაც არანაკლებ დრამატულია — მძიმე დიაგნოზი, წარუმატებელი სიყვარული და მარტოობა. თუმცა, აშკარაა, რომ პერსონაჟი არც შემართებას კარგავს და არც იუმორის შესანიშნავ გრძნობას. ეს ყველაფერი ისეთი გადამდებია, მხოლოდ მის პალატაში მყოფ თამუნას კი არა, ეკრანს მიღმა მაყურებელსაც ამხნევებს. აი, მე კი იმ იმედით დავასრულებ სტატიას, რომ ნინოს როლი მართლა ეპიზოდური არაა...
კომენტარები