დაფიქსირებულია ღრმა კოსმოსიდან მომავალი 25 რადიოსიგნალი, რომელიც პერიოდულად მეორდება
ასტრონომთა გუნდმა ღრმა კოსმოსიდან მომავალი სწრაფი რადიო ანთებები დააფიქსირა, მძლავრი სიგნალები, რომლებიც გარკვეულ პერიოდში ერთხელ მეორდება. ამ იდუმალ ტალღებს მეცნიერებმა კანადაში მდებარე რადიო ობსერვატორიის CHIME მეშვეობით 2019-21 წლებს შორის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებში მიაგნეს.
მსგავსი სიგნალების არსებობის შესახებ სპეციალისტებმა პირველად 2007 წელს შეიტყვეს, რის შემდეგაც მათი წყაროს გამოვლენას ცდილობენ. ვარაუდობენ, რომ ეს უჩვეულო ფენომენი შესაძლოა, პულსარებს მიეწერებოდეს, ანუ მაგნეტიზებულ ნეიტრონულ ვარსკვლავებს. ახალი ინფორმაცია ამის დაზუსტებაში დაგვეხმარება.
ავტორებმა CHIME-ის მიერ დაფიქსირებული 500 ასეთი მოვლენის კატალოგში საერთო ჯამში 25 სწრაფ რადიო ანთებას მიაკვლიეს. ამ დრომდე 1 000 სიგნალიდან მხოლოდ 29 იყო განმეორებადი, ახლა კი ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
"როცა ყველა სწრაფი რადიო ანთება ფრთხილად დავითვალეთ, დავადგინეთ, რომ მათი მხოლოდ 2.6 პროცენტი მეორდება. ბევრი ახალი წყაროდან მარტო რამდენიმე ანთება დავაფიქსირეთ, რაც ამ უკანასკნელთა პასიურობაზე მიანიშნებს, თითქმის ისეთზე, როგორიც ერთხელ ნანახი წყაროებია.
შესაძლებელია, რომ ყველა ეს სწრაფი რადიო ანთება მეორდებოდეს, მაგრამ წყაროების დიდი ნაწილი აქტიური არ იყოს", — ამბობენ მეცნიერები.
ისინი მსგავს რადიოსიგნალებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მონაცემთა მზარდი ბაზის გამოყენებას აპირებენ, რაშიც ახალი ტელესკოპებიც დაეხმარებათ. ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები