როგორ და სად ვთხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს რამის დახატვა — დეტალური ინსტრუქცია
ბოლო დროს ნახატების დასაგენერირებლად ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული არაერთი პლატფორმა შეიქმნა. მომხმარებელი გენერატორს სიტყვიერ მითითებას აძლევს, ის კი შესაბამის გამოსახულებებს ქმნის, თანაც ისეთს, რომ ზოგჯერ რეალური ნახატისგან ვერც კი განასხვავებთ.
იხილეთ: ტესტი: გამოიცანი, ხელოვნური ინტელექტის ნახატია თუ ადამიანის
ინტერნეტში ამჯერად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება, რომლებშიც მან ქვეყნები და საქართველოს ქალაქები ქალებად აქცია.
ამის გაკეთებას პლატფორმა Midjourney-ზე შეძლებთ. სტატიაში ჯერ მისი მუშაობის პრინციპს გაგაცნობთ, შემდეგ კი ნახატების შექმნის ინსტრუქციას შემოგთავაზებთ.
რა არის Midjourney და როგორ მუშაობს?
Midjourney პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ დასწავლას იყენებს, რათა შეყვანილ ტექსტზე დაყრდნობით ნახატები დააგენერიროს. იგი ხელმისაწვდომია როგორც ვებსაიტის, ასევე Android და iOS აპლიკაციების სახით.
ამგვარი გენერატორები დიდ მონაცემთა ბაზებზე იწვრთნება, რომლებიც უამრავ ნამუშევარსა და მხატვრულ სტილს მოიცავს. ახალი სურათების შესაქმნელად იგი მომხმარებლის მითითებას იშველიებს.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
Midjourney-ის აპლიკაციის ანდა ვებსაიტის გახსნისას საწყის გვერდს იხილავთ, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს გთავაზობთ.
Midjourney-ით სარგებლობის დასაწყებად, პირველ რიგში, Discord-ის ანგარიში უნდა გქონდეთ გახსნილი. ამისათვის Join the Beta ღილაკს ამოირჩევთ, რომელიც ზემოხსენებულის შესაქმნელად შესაბამის გვერდზე გადაგამისამართებთ.
მას შემდეგ, რაც მომხმარებლის სახელს შეიყვანთ და თქვენს ადამიანურ წარმომავლობას დაადასტურებთ, მეილის მეშვეობით საკუთარი ანგარიშის ვერიფიკაცია დაგჭირდებათ — დააჭერთ Verify by Email გრაფას.
როცა ამ მონაცემებს შეიყვანთ, მეილზე ბმული გამოგეგზავნებათ, რომელზე გადასვლითაც მეილის ვერიფიკაციას შეძლებთ. ბოლო ნაბიჯი Discord-ში თქვენი დაბადების მონაცემების შეყვანაა.
როგორ დავაგენერირებინოთ ხელოვნურ ინტელექტს ნახატები?
მაშ, ასე, Discord-ის ანგარიში უკვე შექმენით. ახლა ისღა დაგვრჩენია, ნახატების შექმნაზე გადავიდეთ.
ამისათვის Midjourney-ის საწყის გვერდზე უნდა დაბრუნდეთ და Join the Beta ვარიანტი ამოირჩიოთ. შედეგად Discord-ის შესაბამისი სერვერიდან მოწვევა გამოგეგზავნებათ, რომელსაც Accept Invite ღილაკით დაეთანხმებით.
შედეგად Midjourney-ის სერვერზე მოხვდებით.
ეკრანის მარცხენა ქვედა ნაწილში არხი Newcomers Rooms უნდა მოძებნოთ და რომელიმე სასაუბრო ამოირჩიოთ (მაგ: newbies-1).
ამის შემდეგ პირდაპირ ნახატების გენერირების პროცესი იწყება — ტექსტის ჩასაწერ ადგილას /imagine ჩაწერეთ, შემდეგ კი /imagine [prompt] ვარიანტი აირჩიეთ. ასე გრაფა გამოჩნდება, რომელშიც სასურველ ბრძანებას შეიყვანთ და ხელოვნურ ინტელექტს შესაბამის ნახატს დააგენერირებინებთ. გაითვალისწინეთ, რომ უხამს სიტყვებს/წინადადებებს პლატფორმა გამოსახულებებად არ გარდაქმნის.
ტექსტის შეყვანის შემდეგ გაგზავნით და თვალს მიადევნებთ: დაახლოებით 60 წამში 4 სურათი შეიქმნება. ქვემოთ რამდენიმე ღილაკი იქნება დართული, რომელთა საშუალებითაც თითოეულ ფოტოზე სხვადასხვა მოქმედების განხორციელება შეგიძლიათ.
U = Upscale (გადიდება) — შეიქმნება ნახატის დიდი ვერსია
V = Variation (ვარიაცია) — არჩეული ნახატის მიხედვით სხვა შეიქმნება
Refresh — იმავე წინადადებაზე დაყრდნობით ოთხი ახალი ნახატი შეიქმნება
სასურველი ვარიანტი ხელახლა გამოჩნდება სასაუბროში. შეგიძლიათ, იგი Web-ში გახსნათ და გაადიდოთ, მაუსის მარჯვენა მხარეს დაჭერითა და Save image as... ღილაკით კი მას გადმოწერთ.
სხვა პლატფორმები ნახატების დასაგენერირებლად
ამჟამად, ქართულენოვან ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების უმრავლესობა Midjourney-ზეა შექმნილი, თუმცა ტექსტის საპასუხოდ AI ნახატების გენერირება არაერთ სხვა პლატფორმაზე შეგიძლიათ.
DALL-E 2 ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი (თუმცა ფასიანი) ვარიანტია, რომელიც კომპანია OpenAI-ს ეკუთვნის. შედარებით მარტივი ფუნქციები აქვს Craiyon-ს, იგივე DALL-E mini-ს, რომელიც უფასო პლატფორმაა, თუმცა ისეთი დახვეწილი არა, როგორიც DALL-E 2.
AI ნახატების სხვა უფასო გენერატორებია:
- Nightcafe (ვებსაიტი)
- Starry AI (ვებსაიტი, Android, iOS)
- Dream by Wombo (Android, iOS)
- Pixray (ვებსაიტი)
- DeepAI (ვებსაიტი)
კომენტარები