რა წერია Human Rights Watch-ის 2023 წლის მსოფლიო ანგარიშში
დოკუმენტში ადამიანის უფლებათა პრაქტიკა მიმოხილულია საქართველოს მაგალითზეც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Human Rights Watch ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1978 წელს აშშ-ში დაარსდა.
- 2023 წლის მსოფლიო ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას თითქმის 100 ქვეყანაში, სადაც HRW მუშაობს.
- 712-გვერდიანი დოკუმენტი ორგანიზაციის ყოველწლიური 33-ე მოხსენებაა.
ზოგადი მიმოხილვა: HRW-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტირან ჰასანი ანგარიშის შესავალში ამბობს, რომ მსოფლიოში, სადაც ძალაუფლება შეიცვალა, აღარ არის შესაძლებელი ადამიანის უფლებების დასაცავად, ძირითადად, ჩრდილოეთის მთავრობების მცირე ჯგუფზე დაყრდნობა.
- "2022 წელს განვითარებული ადამიანის უფლებათა კრიზისების ლიტანიამ — უკრაინიდან ჩინეთამდე და ავღანეთამდე — მოიტანა ადამიანთა ტანჯვის ზღვა, მაგრამ ასევე გახსნა ახალი შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელობისთვის მსოფლიოს ქვეყნებიდან", — განაცხადა ჰასანმა.
- მისი შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ომის გარშემო მსოფლიო მობილიზაცია იმ დიდი პოტენციალის ილუსტრაციაა, როდესაც მთავრობები ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს გლობალური მასშტაბით ახორციელებენ.
- "გასულმა წელმა აჩვენა, რომ ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვაზე მთელს მსოფლიოში", — თქვა ჰასანმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრა: ყოველწლიურ მსოფლიო ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ომი, რომლის სამიზნეც ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა.
- მომხდარზე გამოძიება დაიწყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ — წევრი ქვეყნების რეკორდული რაოდენობის მითითების შემდეგ.
- ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და სხვა მთავრობებმა დააწესეს უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციები რუსი ფიზიკური პირების, კომპანიების და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული სუბიექტების წინააღმდეგ.
- ანგარიშში ისმის კითხვა, რა მოხდებოდა, თუ მთავრობები, რომლებიც უპრეცედენტო კონსოლიდირებულ მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებისას, პუტინს პასუხისგებაში მისცემდნენ.
- ასევე, დროულ რეაგირებას მოახდენდნენ 2015 წელს სირიაში ძალადობაზე ან ბოლო ათწლეულის მანძილზე რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ესკალაციაზე.
მსოფლიო ტენდენციები: ანგარიშში განხილულია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი ეთიოპიაში, სადაც HRW-ის შეფასებით, ორ წლიან სისასტიკეს მსოფლიოს მიერ უკრაინაზე ფოკუსირებული ყურადღების მხოლოდ მცირე ნაწილი მიექცა.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არ სურდა ეთიოპია თავის ოფიციალურ დღის წესრიგში დაეყენებინა აფრიკელი წევრების, ასევე რუსეთისა და ჩინეთის ბლოკირების გამო.
- განიხილება ჩინეთის მთავრობის პასუხისმგებლობა სინძიანის რეგიონში მილიონობით უიღურის და სხვა თურქი მუსლიმის მასობრივ დაკავებაზე, წამებასა და იძულებით შრომაზე.
- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, სინძიანგში ძალადობა შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად იქნეს განხილული.
- ასევე, კრიტიკულ ჭრილშია განხილული ავსტრალიის, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და აშშ-ის მცდელობა, გააფართოონ სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმებები ინდოეთთან.
- HRW- ის შეფასებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის ინდუისტულმა ნაციონალისტურმა პარტიამ გაიმეორა ჩინეთის დარღვევები და რეპრესიები, შედეგად, ინდოეთის სამოქალაქო სივრცე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
- შესაბამისად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება შეიძლება, სულაც არ იყოს ჩინეთის ჩანაცვლების უკეთესი ალტერნატივა.
საქართველო: HRW-ის შეფასებით, საქართველოში 2022 წელს მედიის თავისუფლებამ უკუსვლა განიცადა, რაც გამოიხატა მედიის პროფესიონალებზე თავდასხმასა და კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დაპატიმრებში.
- ანგარიშში შეშოფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობაზე კონკრეტულ კანონდაღვევებთან მიმართებაში, უკანონო მიყურადებაზე, არასამართლიან შრომით პირობებსა და ძალადობაზე ქალთა და LGBTQ+ საზოგადოების წევრებზე.
- ნახეთ როგორ არის განხილული HRW-ის ანგარიშში საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
მედიის თავისუფლება: 2022 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა არაერთი თავდასხმა ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები.
- მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას, მთავარი არხის დირექტორს, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მენეჯერული გადაწყვეტილებებზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, როდესაც ის რუსთავი 2-ის დირექტორი იყო.
- გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ძირითადად გააკრიტიკა, როგორც უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული.
- საქართველოს სახალხო დამცველი ამტკიცებდა, რომ საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო, არ შეიძლება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შრომის უფლებები: ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი საკანონმდებლო გაუმჯობესებისა, სამართლიანი შრომითი პირობები საქართველოში კვლავ შეშფოთების საგანია.
- ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულაციები სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არ გააჩნიათ სამართლებრივი გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს ეფექტურად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები და რესურსების ნაკლებობა აფერხებს შრომის ინსპექციის ეფექტურობას.
- ხელფასები ფაქტობრივად დაურეგულირებელია, რის გამოც მუშები დაუცველნი არიან ექსპლუატაციისგან.
- წერენ იმასაც, რომ მინიმალური თვიური ხელფასი 20 ლარი (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) 12-ჯერ დაბალია საარსებო მინიმუმზე და არ განახლებულა 1999 წლიდან.
- საქართველოს სამართლიანი შრომის პლატფორმის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ჯგუფების კოალიციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დასაქმებულთა 88% განიცდის ხელფასების ქურდობის მინიმუმ ერთი ფორმას.
- პრობლემად რჩება სამუშაო ადგილის უსაფრთხოებაც — შრომის ინსპექციის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სამსახურში მომხდარი ავარიების შედეგად 23 მუშა დაიღუპა და 230 დაშავდა.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები საქართველოში კვლავ განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას.
- HRW წერს, რომ მაისში ქვებით და აგურებით შეიარაღებული 30 კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს თბილისში, საკუთარ სახლში, დააზიანეს მათი საცხოვრებელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ქალებს.
- ხაზგასმულია ისიც, რომ თბილისის სასამართლომ ვერ შეძლო 2021 წლის მასობრივი ანტი-ლგბტქ+ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების იდენტიფიცირება და დევნა.
ქალის უფლებები: პროკურატურამ იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გამოაცხადა ფემიციდის 13 და ოჯახის წევრების მიერ ქალების მკვლელობის 11 მცდელობის ფაქტი.
- ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაცხადა, რომ სასამართლოები ხშირად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ მოძალადე პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ გადარჩენილთა მუქარას.
საკამათო კანონპროექტი: მათი შეფასებით, ივნისში საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო თვალთვალის შესახებ კანონპროექტი.
- მმართველი პარტიის კანონპროექტი ნებას რთავს უვადო მოსმენას და სხვა თვალთვალს ცალკეულ პირებზე, მათთვის შეტყობინების გარეშე.
- თვალთვალი ნებადართულია 77 დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ახლა მოიცავს ტრეფიკინგს, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს.
საერთაშორისო გამოხმაურებები: ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას, მათ შორის დაშინებას, ძალადობას და "პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალურ გამოძიებას მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ".
- სექტემბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს, გააძლიეროს ძალისხმევა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაიცვას ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობისგან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.
შეფასება: Human Rights Watch-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა კრიზისების მასშტაბები და სიხშირე მთელს მსოფლიოში ადასტურებს ახალი ჩარჩოების და მოქმედების ახალი მოდელის აქტუალურობას.
- მთავრობები, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ საკანონმდებლო ვალდებულებებს, დაიცვან ადამიანის უფლებები სახლში, თესავს უკმაყოფილების, არასტაბილურობისა და, საბოლოოდ, კრიზისის თესლს.
- ადამიანის უფლებების დარღვევის იგნორირებას დიდი ფასი აქვს და მისი ტალღოვანი ეფექტი ჯეროვნად უნდა იყოს შეფასებული.
- "მსოფლიო მობილიზაციამ უკრაინის გარშემო აჩვენა, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც მთავრობები ერთად მუშაობენ", — განაცხადა HRW-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
კომენტარები