ახალი კვლევის თანახმად, პარაზიტები გლობალური დათბობის გამო იხოცებიან და ეს ცუდის ნიშანია
პარაზიტებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ამ ტიპის უდიდეს და ყველაზე მასშტაბურ მონაცემებს აერთიანებს, ეს არსებები გლობალური დათბობის გამო იხოცებიან.
"ადამიანებს ჰგონიათ, რომ კლიმატის ცვლილება პარაზიტების გამრავლებას უწყობს ხელს და რომ მსოფლიოში დათბობის პარალელურად მათთან დაკავშირებული დაავადებებიც გახშირდება. ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში ეს შესაძლოა, მართლაც ასე იყოს, თუმცა ისინი მატარებელ ორგანიზმებზე არიან დამოკიდებულნი, რაც მათ მსგავსი ცვლილებების მიმართ მოწყვლადს ხდის", — აცხადებენ ავტორები.
უკანასკნელი შედეგების მიხედვით, ყოველ დეკადაში 11 პროცენტიც მცირდება ისეთი პარაზიტების რაოდენობა, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში 3 ან მეტი "მასპინძელი" სახეობის წარმომადგენლებში ბინადრობენ. მათ შორისაა წყნარ ოკეანეში მდებარე პიუჯეტ საუნდის ყურეების სისტემაში გავრცელებულ თევზებში არსებული პარაზიტების ნახევარზე მეტი.
"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ 1 ან 2 მატარებელ სახეობაზე დამოკიდებული პარაზიტები მყარად შენარჩუნდნენ, ხოლო 3 ან მეტი 'მასპინძლის' შემთხვევაში განადგურდნენ. მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა. ამ სახეობების გადარჩენაზე ვიზრუნებდით, ადამიანისთვის მნიშვნელოვან ცხოველებში რომ გვხდებოდნენ, როგორიც ძუძუმწოვრები და ფრინველებია", — ამბობენ მეცნიერები.
ტაქსიდერმია, ანუ ცხოველთა ფიტულების დამზადება პარაზიტების მხოლოდ კანზე, ბეწვსა თუ ბუმბულზე შენარჩუნებას უწყობს ხელს და ის ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში გამოიყენება. თევზების, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების სხეულები კი სპეციალურ სითხეში ინახება, რის შედეგადაც პარაზიტების უდიდესი ნაწილია შენარჩუნებული.
ახალი ნაშრომის ავტორები თევზების 8 სახეობაზე კონცენტრირდნენ, რომლებიც საბუნებისმეტყველო მუზეუმების დაცულ კოლექციებში გვხვდება. მათ ნიმუშები გაკვეთეს და იქ არსებული პარაზიტები დათვალეს, ასევე, თითოეულის იდენტიფიცირება სცადეს.
"ამას დიდი დრო დასჭირდა. ეს საქმე სუსტი გულის ადამიანებისთვის ნამდვილად არაა. სიამოვნებით მოვათავსებდი ამ თევზებს ბლენდერში და გენომის შესწავლის ტექნიკის მეშვეობით მათი პარაზიტების დნმ-ს გამოვიკვლევდი, თუმცა ისინი ჯერ სითხეში ინახებოდა რაც დნმ-ს ანაწევრებს. შესაბამისად, ძველებურ პარაზიტოლოგიას მივმართეთ", — აცხადებს ნაშრომის ავტორი, ჩელსი ვუდი.
კვლევა გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები