ნახეთ: კომეტა, რომელმაც ბოლოს დედამიწას 50 000 წლის წინ ჩაუარა
კომეტა, ოფიციალური სახელწოდებით C/2022 E3 (ZTF), მეცნიერებმა პალომარის ობსერვატორიის ფართო არეალის საკვლევი კამერით 2022 წლის მარტში აღმოაჩინეს. ეს ასტრონომიული სხეული ჩვენი მზის გარშემო გადაადგილებას 50 000 წელს ანდომებს, შესაბამისად, სწორედ ამდენი ხანია, მას დედამიწასთან ახლოს არ ჩაუვლია.
აღმოჩენიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოყვარულმა თუ პროფესიონალმა ასტროფოტოგრაფებმა მისი შთამბეჭდავი სურათები გადაიღეს.
როდესაც ბოლოს ამ კომეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იყო შესაძლებელი, ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ ნეანდერტალელები ბინადრობდნენ. საუბარია ზედა პალეოლითის პერიოდზე, როცა ადამიანმა აზიასა და ევროპაში გავრცელება დაიწყო. ახლა კი მისი ხილვის შესაძლებლობა ჩვენც მოგვეცემა.
C/2022 E3 (ZTF) ღამის ცაზე 2023 წლის იანვრის მიწურულიდან თებერვლის დასაწყისამდე გამოჩნდება, თუმცა მასზე დაკვირვება ტელესკოპების მეშვეობით ახლაც შეგიძლიათ. სურათებზე კომეტის მომწვანო შეფერილობის კომას, ანუ მტვრისგან შედგენილ ერთგვარ ნისლოვან გარსს ვხედავთ, რომელიც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
კომეტა მზესთან ყველაზე ახლო წერტილამდე 12 იანვარს მიაღწევს. საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებისას ობიექტი პერიგეამდე, ანუ დედამიწასთან ყველაზე მცირე მანძილამდე 2 თებერვალს მოვა, როცა ჩვენ შორის დისტანცია 42.5 მილიონი კილომეტრი იქნება.
C/2022 E3 (ZTF) ჩვენს პლანეტას უსაფრთხოდ ჩაუვლის და მომდევნო ჯერზე ისევ 50 000 წელში გვეწვევა.
კომენტარები