შემცირებების რეკორდი: Amazon 18 000 თანამშრომელს დაითხოვს
Wall Street Journal-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია Amazon ეკონომიკური პრობლემების გამო 18 000 თანამშრომელს დაითხოვს.
აშშ-ის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შემცირებები 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყეს, როცა Tesla-მ თანამშრომლები ილონ მასკის "ცუდი წინათგრძნობის" გამო დაითხოვა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდი მაინცდამაინც მცდარი არ აღმოჩნდა — ეკონომიკური სირთულეების გამო მასკის კომპანიას არაერთმა მიბაძა. პირველ ადგილზე აქამდე Meta იყო, რომელმაც სამსახურიდან 11000 დასაქმებული გაუშვა.
ასევე იხილეთ: ცუკერბერგმა Meta-ში მოსალოდნელი შემცირებების შესახებ ცნობები დაადასტურა
ამავე პერიოდში Amazon-მაც დაადასტურა, რომ 2023 წლის დასაწყისში 10000 თანამშრომელს დაითხოვდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელი დადგა და გასაშვებთა სია კიდევ 8000-ით გაიზარდა.
ზღაპრული ზრდის დასასრული
როცა კოვიდ-19 პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა გაყინა, Amazon ერთ-ერთი იყო მცირე რაოდენობის კომპანიათა შორის, რომელმაც რეკორდულად ზრდა დაიწყო. სახლში გამოკეტილი ადამიანები ინტერნეტით ვაჭრობასა და გართობაზე გადავიდნენ, რაც, ბუნებრივია, კომპანიის მოგებაზე დადებითად აისახა. პანდემიის თვეების განმავლობაში კომპანიას ლოჯისტიკური მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, შესაბამისად, თანამშრომლების რაოდენობაც რადიკალურად გაიზარდა.
პანდემიის დასასრულთან მიახლოებასთან ერთად, ადამიანები კვლავ პირისპირ, მაღაზიებში ვარობას დაუბრუნდნენ, რამაც ხარჯების შემცირების აუცილებლობა გააჩინა. ახალი თანამშრომლების აყვანის შეჩერებასთან ერთად, კომპანიამ მაღაზიებისა და არამომგებიანი ბიზნესების დიდი ნაწილი დახურა. ვინაიდან მოთხოვნის ზრდა ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის, Amazon-მა თანამშრომლების დათხოვნის გადაწყვეტილებაც მიიღო.
რიცხვი რეკორდულია, თუმცა პროპორციულად ძალიან მცირე
Amazon-ის შემცირებები რიცხვით ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში უდიდესია. მიუხედავად ამისა, დათხოვნილ თანამშრომელთა რიცხვი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს. მაგალითად, Meta-მ დასაქმებულთა 13%, ხოლო Salesforce-მა 10% გაუშვა.
ასევე მოიქცნენ Lyft და HP თუმცა ამ კუთხით აბსოლუტური ლიდერი ილონ მასკის კიდევ ერთი კომპანია, Twitter-ია, რომლის თანამშრომელთა რიცხვიც გასულ წელს სულ რაღაც ერთ თვეში განახევრდა.
კომენტარები