როგორ აისახება საკმარისი წყლის მიღება დაბერების პროცესზე? — კვლევა
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო და მნიშვნელოვანია. ის დადებით გავლენას ახდენს როგორც მეტაბოლიზმზე, ანუ ნივთიერებათა ცვლაზე, ასევე კანზე. ახალი კვლევის მიხედვით კი, ამ სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება ადამიანის ჯანსაღად დაბერებას უწყობს ხელს.
მეცნიერებმა 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში 11 255 ინდივიდის შესახებ შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. კერძოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინდიკატორები და სისხლში მარილის შემცველობა, რომელიც მიღებული სითხის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მათ დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც სისხლში ნატრიუმის შედარებით მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებოდათ, ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებისა და ბიოლოგიური დაბერების სიმპტომების გამოვლენის მეტი შანსი ჰქონდათ. ასევე, მათში გაზრდილი იყო ნაადრევი სიკვდილის რისკიც.
"ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ სათანადო ჰიდრატაციას დაბერების პროცესის შენელება და დაავადებებისგან თავისუფალი ცხოვრების გახანგრძლივება შეუძლია", — აცხადებენ ავტორები.
მათი ახალი ნაშრომი გასული წლის კვლევას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა სისხლში ნატრიუმის მაღალ შემცველობასა და გულის უკმარისობის გაზრდილ რისკს შორის კავშირი აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ჯანმრთელობის სულ 15 ინდიკატორზე გაამახვილეს ყურადღება და დაასკვნეს, რომ მარილის კონცენტრაცია, რომელიც ლიტრში 135-146 მილიეკვივალენტს (მეკ/ლ) აღემატებოდა, სიბერის ნიშნების უფრო სწრაფად გამოვლენასთან ასოცირდებოდა.
"ადამიანები, რომელთა შრატშიც ნატრიუმი 142 მეკ/ლ ან უფრო მეტია, სითხის რაოდენობის გაზრდით სარგებელს მიიღებენ", — ამბობენ მეცნიერები, რომლებიც სითხის წყაროდ წყლის გარდა წვენებს, ხილსა და ბოსტნეულსაც ასახელებენ.
მათი ნაშრომი გამოცემაში eBioMedicine გამოქვეყნდა.
კომენტარები