შექმნეს განწყობის დეკოდერი, რომელსაც ადამიანებში დეპრესიის შეფასება შეუძლია
MIT Technology Review-ის უწყებით, ნეირომეცნიერებმა "განწყობის დეკოდერს" მიაკვლიეს — გზას, რომლის მეშვეობითაც ადამიანის განწყობა მისი ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით შეფასდება. შესაძლოა, მიგნების წყალობით დეპრესიის მკურნალობის პროცესში ტვინის ღრმა სტიმულაცია უფრო ეფექტიანი გახდეს. კვლევა მეცნიერებმა ნეირომეცნიერების საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს.
პარკინსონისგან განსხვავებით, წმინდა ნევროლოგიური თვალსაზრისით დეპრესია სრულად ჯერაც არაა შესწავლილი. სიმპტომების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რთულია გაიგო, ტვინის რომელი რეგიონები ასოცირდება ზემოხსენებულ დაავადებასთან. ამასთან ერთად, არც იმის გარკვევაა მარტივი, თუ კონკრეტულად რისი სტიმულირებაა საჭირო.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხუთი მოხალისის ტვინის აქტივობა შეისწავლეს. დადგინდა, რომ სარტყლისებრი ქერქი, ტვინის ერთ-ერთი რეგიონი, ერთი მიმართულებით აქტიურდებოდა, როდესაც ცდისპირი თავს უკეთ გრძნობდა, ხოლო საპირისპიროთი მაშინ, როცა განწყობა დაქვეითებული იყო. ეს ტენდენცია სამი მოხალისის შემთხვევაში შენიშნეს.
"ეს ტვინის ამ რეგიონებში ადამიანთა განწყობის წარმატებული და თანამიმდევრული დეკოდირების პირველი დემონსტრაციაა", — აცხადებს სამირ შეთი, ცდის ხელმძღვანელი და ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ნეიროქირურგი.
საგულისხმოა, რომ კვლევა მცირემასშტაბიანია, ამიტომაც მასზე დიდ იმედებს ვერ დავამყარებთ. მიუხედავად ამის გაცნობიერებისა, მეცნიერები პროცედურის მეტ ადამიანზე გამეორებას არ გეგმავენ — ამის ნაცვლად შეთი და მისი გუნდი კანონზომიერებების აღმოჩენას ცდილობენ, რათა ტვინის ღრმა სტიმულაცია უფრო ეფექტიანი გახდეს. მათ მძიმე დეპრესიის მქონე ოთხ სხვა ადამიანს ელექტროდები ჩაუნერგეს და დანარჩენებთან ერთად მათ შესწავლასაც აპირებენ.
რა თქმა უნდა, დეპრესიის სამკურნალო ბევრი სხვა მეთოდის მსგავსად ერთი მიდგომა ყველა პაციენტზე არ ამართლებს. გასათვალისწინებელია, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია ინვაზიური სარისკო მეთოდია — საჭიროა თავის ქალის გახვრეტა, ზონდირება, შემდეგ კი ტვინის სხვადასხვა რეგიონებში ელექტრული სიგნალების გაგზავნა. ამასთან ერთად, იგი საკმაოდ ძვირიცაა და საშუალოდ $22,802 ჯდება.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, შეთისა და მისი კოლეგების შრომა ტვინის ღრმა სტიმულაციის გაუმჯობესებისა და დეპრესიის შესწავლის კუთხით დაგვეხმაროს. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, სამომავლო კვლევებსა და მოვლენების განვითარებას მივადევნოთ თვალი.
კომენტარები