ნახეთ: ჰაბლმა შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკების გასაოცარი სურათი გადაიღო
აშშ-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ახალი სურათი გადაიღო, რომელზეც შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკებია აღბეჭდილი. ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებულ შთამბეჭდავ კადრს NASA ავრცელებს.
ეს გასაოცარი წყვილი Arp-Madore 417-391-ის სახელითაა ცნობილი და ამავე სახელწოდების (Arp-Madore) კატალოგში შედის, რომელიც ცის სამხრეთ ნაწილში განლაგებულ, განსაკუთრებით უცნაურ გალაქტიკებს აერთიანებს. მათ შორისაა გრავიტაციულად ურთიერთმოქმედი და შერწყმადი ობიექტები.
Arp-Madore 417-391-ს დედამიწისგან 670 მილიონი სინათლის წელი აშორებს და ის ერიდანუსის თანავარსკვლავედში მდებარეობს. შერწყმის პროცესში მყოფი ეს გალაქტიკები გრავიტაციის მიერაა სახეცვლილი და უზარმაზარი რგოლის მსგავსი ფორმა აქვს მიღებული, მათი ბირთვები კი ერთმანეთის გვერდიგვერდაა მოქცეული.
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ზემოხსენებული წყვილის გადასაღებად დაკვირვებისთვის განკუთვნილი კამერა ACS გამოიყენა, რომლის ტექნოლოგიური მახასიათებლებიც ადრეული გალაქტიკებისა და მათი შეჯგუფებების შესწავლაზეა მორგებული. ხელსაწყოს უკვე 20 წელია, სამეცნიერო აღმოჩენებში საკუთარი წვლილი შეაქვს.
უკანასკნელი სურათი ჰაბლის სპეციალური დაკვირვების შედეგია, რომლის მიზანიც ჯეიმს ვების ტელესკოპისა და ხმელეთზე არსებული სხვა მსგავსი ხელსაწყოებისთვის საინტერესო და უჩვეულო სამიზნე ობიექტების შერჩევაა. ეს გალაქტიკები აქამდე ჰაბლს არ შეუსწავლია, ის სხვა დავალებებს შორის არსებულ ინტერვალს სწორედ მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას უთმობს, რაც "ვეტერანი" ტელესკოპის ძვირფასი დროის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევს.
კომენტარები