780 000 წლის წინ უძველესი ადამიანი ცეცხლზე საკვებს ამზადებდა — აღმოჩენილია მტკიცებულება
კაცობრიობის განვითარების გზამ კუჭზე გაიარა?
რა განასხვავებს ადამიანს სხვა ცხოველებისგან? ამ მწვავე კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, კუჭზე გადის.
ბრიტანელი პრიმატოლოგი რიჩარდ რენგჰემი ე.წ. "კულინარიის ჰიპოთეზის" დიდი მომხრეა. იგი ამტკიცებს, რომ ევოლუციური გადასვლა ნედლიდან მოხარშულ საკვებზე იყო "ტრანსფორმაციული მომენტი", რომელმაც ადამიანის ტვინს ზრდის საშუალება მისცა და წარმოშვა ჩვენი გვარი და საბოლოოდ ჩვენი სახეობა. ისრაელის ახალი აღმოჩენა ამ იდეას კიდევ უფრო ადვილად "მოსანელებელს" ხდის.
მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ სექტორში მომუშავე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ამტკიცებს, რომ აღმოაჩინა პრეისტორიული ადამიანების მიერ საჭმლის მომზადების ყველაზე ადრეული ნიშნები. არქეოლოგიურ ადგილას, სახელად გეშერ ბენოტ იაკოვი, უძველესი კობრის მსგავსი თევზის ნაშთები 780 000 წლის წინ საგულდაგულოდ იყო გაცხელებული.
ეს აღმოჩენა არ არის უძველესი მტკიცებულება ადრეული ადამიანების მიერ ცეცხლის კონტროლირებადი გამოყენების შესახებ, მაგრამ იგი უძველესი მტკიცებულებაა ევრაზიაში. აფრიკაში, სულ მცირე, 1,5 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის აღმოჩენები შეიცავს ნახშირსა და დამწვარ ძვლებს. თუმცა ეს უბრალოდ წვის არაპირდაპირი ნიშნებია და არა საჭმლის მომზადების მკაფიო მახასიათებლები.
ფაქტობრივად, არქეოლოგიურ ჩანაწერებში საჭმლის მომზადების ნიშნები ნამდვილად არ ჩანს ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსის მოსვლამდე. ბოლო დრომდე, საჭმლის მომზადების უძველესი მტკიცებულება იყო სახამებლის შემცველი მცენარეების გაცხელებული ნაშთები, რომლებიც იპოვეს აფრიკის მიწისქვეშა ღუმელში. და ეს აღმოჩენა მხოლოდ 170 000 წლით თარიღდება, ანუ 600 000 წლის შემდეგ, რაც ადრეული ადამიანები ისრაელში ამზადებდნენ თევზს მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარე ხეობაში.
"ზუსტად არ ვიცით, როგორ იხარშებოდა თევზი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შესახებ, ცხადია, რომ ისინი პირდაპირ ცეცხლში არ მოუთავსებიათ და არ ჩაუყრიათ, როგორც ნარჩენები დასაწვავად", — ამბობს არქეოლოგი იენს ნაიორკა ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმიდან.
აღმოჩენებმა ჩვენი წინაპრების მიერ ცეცხლის კონტროლი შუა პლეისტოცენის პერიოდში გადაიყვანა, დროში, როდესაც ჰომო ერექტუსის პოპულაციები ადგილს უთმობენ უფრო დიდი ტვინის ჰომინინებს, როგორიცაა ჰომო ჰეიდელბერგენსისი (ჰაიდელბერგელი ადამიანი).
"საჭმლის მომზადებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მოპოვება მნიშვნელოვანი ევოლუციური წინსვლაა, რადგან ის დამატებით საშუალებას იძლევა ხელმისაწვდომი საკვები რესურსების ოპტიმალური გამოყენებისთვის", — ხსნის არქეოლოგი ნაამა გორენ-ინბარი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან. "შესაძლებელია ისიც, რომ საჭმლის მომზადება მხოლოდ თევზით არ შემოიფარგლებოდა, არამედ სხვადასხვა სახის ცხოველსა და მცენარესაც მოიცავდა."
გეშერ ბენოტ იაკოვი არის ადგილი, რომელიც მდიდარია უძველესი ჰომინინების ნაშთებით. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს კაჟის, ბაზალტისა და კირქვის იარაღები, ასევე ხილი, თხილი, თესლი და ხმელეთის ძუძუმწოვრების მრავალი სახეობა. ამ ხეობაში ვისაც არ უნდა ეცხოვრა, აშკარად კარგად იცნობდა მიწებს, მაგრამ ამ პოპულაციას აყვავების საშუალება სწორედ მტკნარი წყლის ჰაბიტატის ცოდნამ მისცა. ეს, შესაძლოა, ადამიანებს დაეხმარა, დაეტოვებინათ აფრიკის კონტინენტი და ეცხოვრათ სხვაგან. ერთი მტკნარი წყლის ჰაბიტატიდან მეორეზე გადასვლით, ჰომინინებს შეეძლოთ, უზრუნველეყოთ მტკნარი წყალი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი საჭმელი.
მეცნიერები უკვე წლებია ამტკიცებენ, რომ ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, თუთიითა და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით მდიდარი თევზის ჭამა არის ის, რამაც ადამიანის ტვინს ასეთი კომპლექსური განვითარების საშუალება მისცა. უმი თევზი, ალბათ, შეეფერებოდა ადრეულ ჰომინინებს, მაგრამ მოხარშულმა თევზმა ჩვენი წინაპრების კვების რაციონში შეაღწია, რაც გააადვილებდა საჭმლის მონელებას და გადაარჩენდა ადამიანებს საშიში პათოგენების მოხმარებისგან. ის ასევე დაასტიმულირებდა ჰომინინების ტვინს საკვები ნივთიერებებით.
ამგვარად, ჩვენი გვარისა და სახეობის განვითარების გზამ, შესაძლოა, კუჭზე გაიარა, ხოლო ისრაელში შემწვარი თევზი, ალბათ, კაცობრიობის კულინარიული ოსტატობის დასაწყისი იყო.
კომენტარები