ასტრონომებმა, სავარაუდოდ, მყარი ზედაპირის მქონე მკვდარი ვარსკვლავი დააფიქსირეს
ყველამ ვიცით, რომ ვარსკვლავები პლაზმის უზარმაზარი ბურთებია, რომლებშიც აირი მაღალი ტემპერატურის გავლენით დადებითად დამუხტულ იონებად და უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებადაა ქცეული. ამას ზოგჯერ "მატერიის მეოთხე მდგომარეობასაც" უწოდებენ.
თუმცა, შესაძლოა, ყველა მნათობი ასეთი არ იყოს, რადგან ასტრონომებმა ახლახან დააფიქსირეს მაგნეტარი, რომელსაც, სავარაუდოდ, მყარი გარეთა ფენა აქვს. ვარსკვლავში მსგავსი ზედაპირის კვალს მეცნიერებმა პირველად მიაგნეს, რაც NASA-ს კოსმოსური ობსერვატორიის IXPE მეშვეობით მოახერხეს, რომელიც რენტგენული გამოსხივების პოლარიზაციას აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ მაგნეტარი მასიური ვარსკვლავის კოლაფსირებული ბირთვია, რომელსაც განსაკუთრებულად მძლავრი მაგნიტური ველი აქვს. სპეციალისტთა მიერ შესწავლილი ასეთი ობიექტი ჩვენგან 13 000 სინათლის წლით დაშორებული 4U 0142+61 გახლავთ. მისი რენტგენული გამოსხივების გამოკვლევა საშუალებას იძლევა, ელექტრომაგნიტური ტალღების მიმართულება დავადგინოთ.
4U 0142+61-ის შესახებ მოპოვებული მონაცემები მიუთითებს, რომ ამ მაგნეტარს ატმოსფერო არ აქვს. რაც ყველაზე გასაოცარია, მაღალენერგიული გამოსხივების პოლარიზაციის კუთხის დაბალენერგიულთან შედარებამ 90-გრადუსიანი სხვაობა აჩვენა. ეს კი მყარ ზედაპირზე მიანიშნებს, რომელიც მაგნიტური ველითაა გარემოცული.
"ვარსკვლავის მყარი ქერქი, სავარაუდოდ, იონების ბადისგან შედგება, რომელიც ერთიანობას მაგნიტური ველის მეშვეობით ინარჩუნებს. ატომები სფერული ვერ იქნება, არამედ მეტად წაგრძელებული და მაგნიტური ველისკენ მიმართული", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, მაგნეტარის შემადგენელი აირი ისე გამყარდა, როგორც წყალი იქცევა ყინულად, რაც უმძლავრესი მაგნიტური ველის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ყველაზე ცხელი აირი გასამყარებლად უფრო ძლიერ მაგნიტურ ველს საჭიროებს.
ასტრონომთა განცხადებით, ამ ყველაფერში დასარწმუნებლად მსგავსი რენტგენული გამოსხივების სხვა პოტენციური მიზეზები უნდა გამოირიცხოს, რისთვისაც დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები