მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ მომავალში უფრო მეტ ცისარტყელას ვიხილავთ
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, 2 100 წლისთვის დედამიწის სხვადასხვა ნაწილში უფრო მეტ ცისარტყელას ვიხილავთ, კერძოდ, მათი სიხშირე 5 პროცენტით გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო ამბავია, რადგან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც ცისარტყელას დანახვა არ უხარია, ყველაფრის საფუძველი კლიმატის ცვლილებაა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, არც ისეთი პოზიტიური მოვლენაა.
კლიმატის ცვლილება ჩვენს პლანეტაზე გავლენას მრავალმხრივ ახდენს. მყინვარების დნობა, ხანგრძლივი გვალვა, ტემპერატურის მატება და მისთანები ყველაზე თვალსაჩინოა, მაგრამ არსებობს სხვა, ნაკლებად შესამჩნევი შედეგებიც. სწორედ მათ შორისაა ზემოხსენებული მეტეოროლოგიური ფენომენიც.
ასევე, იხილეთ: საიდან ჩნდება ცისარტყელა და როგორ შევქმნათ იგი სახლის პირობებში — 5 მეთოდი
მეცნიერებმა კვლევისთვის ადამიანთა მიერ გადაღებული სურათები, კლიმატის გლობალური მონაცემები და კომპიუტერული მოდელი გამოიყენეს. მათ დაადგინეს, რომ ამ საუკუნის დასასრულს ხმელეთის არეალის 21-34 პროცენტის შემთხვევაში ცისარტყელების რაოდენობა შემცირდება, თუმცა, დათბობის პარალელურად. 66-79 პროცენტში პირიქით მოხდება.
სპეციალისტთა პროგნოზით, მცირერიცხოვანი პოპულაციის მქონე ადგილებში, რომლებიც მაღალ განედებზეა განლაგებული, ცისარტყელები გახშირდება. მსგავსი რამაა მოსალოდნელი კუნძულებზეც.
"ეს იმიტომ, რომ კუნძულებზე ხმელეთი ზღვიდან მობერილი ნიავის დროს ჰაერს მაღლა უბიძგებს და ლოკალიზებულ წვიმას წარმოქმნის, რომელიც მოწმენდილი ცითაა გარშემორტყმული, რაც მზის სხივებს ცისარტყელას ფორმირების საშუალებას აძლევს", — ამბობენ ავტორები.
რაც შეეხება მჭიდროდ დასახლებულ, სმოგიან არეალებს და ადგილებს, სადაც მომდევნო წლებში ნაკლები ატმოსფერული ნალექია მოსალოდნელი, იქ ცისარტყელები უფრო იშვიათი გახდება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებას გავუფრთხილდეთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Global Environment Change გამოქვეყნდა.
კომენტარები