NASA მარსზე გაშვებულ აპარატ InSight-თან დასამშვიდობებლად ემზადება — მისია დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებული აპარატი InSight რამდენიმე კვირაში გაითიშება, რითაც წითელ პლანეტაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დასრულდება.
InSight ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა. მისი მიზანი "მარსძვრების" დაფიქსირება და სეისმური ტალღების მეშვეობით ობიექტის შიდა სტრუქტურის შესწავლა გახლდათ, რაც მოახერხა კიდეც. ის საერთო ჯამში 1 300-ზე მეტი ასეთი მოვლენის მომსწრე გახდა და მარსის შესახებ ღირებული მონაცემები მოგვაწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა აპარატმა მისიის პირვანდელ ხანგრძლივობას საკმაოდ გადააჭარბა, თუმცა ახლა უკანასკნელ დღეებს ითვლის, რადგან მისი მზის პანელები მტვრის სქელი ფენითაა დაფარული, რის გამოც ენერგიას ვეღარ იღებს. აქედან გამომდინარე, სააგენტო იძულებული გახდა, სხვა ხელსაწყოები გაეთიშა და ჩართულ რეჟიმში მხოლოდ სეისმომეტრი დაეტოვებინა
"მოწოდებული ენერგიის სიმძლავრე 20%-დე ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში ყველა ხელსაწყოს ვერ ვამუშავებდით", — ვკითხულობთ NASA-ს განცხადებაში.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, წითელ პლანეტაზე ახლახან მტვრის ქარიშხალი იყო, რამაც InSight-ის მზის პანელებზე მტვრის მარცვლების რაოდენობა უფრო მეტად გაზარდა. გუნდს მოუწია, შტორმის დროს ენერგიის დაზოგვის მიზნით სეისმომეტრიც გაეთიშა. ახლა ის ისევ ფუნქციონირებს, თუმცა, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გაძლებს.
ენერგიის ამჟამინდელი მარაგი აპარატს მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფა, რის შემდეგაც მისია დასრულდება და InSight-ს საბოლოოდ დავემშვიდობებით. სანამ ეს მოხდება, მეცნიერები ცდილობენ, აქამდე მოპოვებული ყველანაირი ინფორმაცია შეინახონ და დააარქივონ.
NASA მისიას დასრულებულად არ გამოაცხადებს, სანამ InSight-ისგან, რეგულარული შემოწმების ფარგლებში, ზედიზედ ორჯერ სიგნალს ვერ მივიღებთ. დამატებით საქმეში შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი ქსელის ანტენებიც ჩაერთვება და თუ სიგნალს ვერც ასე დავაფიქსირებთ, ესე იგი აპარატი უკვე გათიშულია.
კომენტარები