რამდენად შორსაა მთვარე დედამიწისგან? — ნახეთ ჩვენი პლანეტა და მისი თანამგზავრი ერთ კადრში
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ზონდმა Lucy-მ ახალი სურათი გადაიღო, რომელზეც დედამიწა და მთვარე ერთ კადრშია მოქცეული. ფოტო გვიჩვენებს, რამდენად შორსაა ჩვენი პლანეტისგან მისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი.
ამ საოცარი წყვილის ასეთი პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობა კოსმოსურ აპარატებს იშვიათად ეძლევა. ამის მიუხედავად, Lucy-მ ეს მოახერხა, როცა 13 ოქტომბერს დედამიწას მოუახლოვდა, რათა მისი გრავიტაცია მოძრაობის ასაჩქარებლად გამოეყენებინა.
ჩვენი მშობლიური ციური სხეული სურათზე ნათლად ჩანს, კერძოდ, მარჯვენა ნაწილში, თუმცა მთვარის დანახვა, შესაძლოა, გაგიჭირდეთ. ის მოპირდაპირე მხარეს, მარცხნივაა აღბეჭდილი.
ფოტო ზონდზე დამონტაჟებულმა კამერათა სისტემამ T2CAM მაშინ გადაიღო, როცა აპარატს ჩვენგან 1.4 მილიონი კილომეტრი აშორებდა. პლანეტის დიდი ზომიდან გამომდინარე, ის მეტ სინათლეს ირეკლავს, მთვარე კი შედარებით მკრთალია.
მისი გამოსახულების უკეთ გასარჩევად, ხელოვნურად მომატებული სიკაშკაშის მქონე სურათს შემოგთავაზებთ.
მთვარესა და ჩვენ შორის სივრცე იმხელაა, რომ იქ 30 დედამიწა ჩაეტეოდა, თუმცა, კოსმოსური მასშტაბებით, ეს მაინც მცირე მანძილად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ დასჭირდათ მისია Apollo-ში მონაწილე ასტრონავტებს იქამდე მისასვლელად 3 დღე. NASA-ს ახალი რაკეტა Space Launch System კი მთვარემდე მისვლას, მის გარშემო შემოვლასა და უკან დაბრუნებას 25 დღეს მოანდომებს.
შეგახსენებთ, რომ Lucy-ს მიზანი "ტროელი" ასტეროიდების შესწავლაა, რომელთა ორბიტაც მზის სისტემის აირის გიგანტ იუპიტერთან საზიაროა.
კომენტარები