ბაქოში საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციამ ასამდე ადამიანი დააკავა
ბაქოში ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 100-მდე აქტივისტი დააკავეს.
საპროტესტო აქცია, რომელსაც ასობით დემონსტრანტი ესწრებოდა, მხოლოდ ერთი საათის დაწყებული იყო, როცა პოლიციამ შეკრებილების დაშლა დაიწყო. ორგანიზატორების მოთხოვნებს შორის იყო შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების ხელახლა გახსნა, თავისუფალი არჩევნები და "ოჯახური მმართველობის" შეწყვეტა.
პოლიციამ აღმასრულებელი ხელისუფლების შენობას ალყა შემოარტყა და ტერიტორიაზე დაკვირვება გააძლიერა. სახალხო ფრონტის პარტიის განცხადებით, მათი 100-მდე თანამოაზრე მაშინ დააკავეს, როცა ისინი შენობას უახლოვდებოდნენ.
გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე, პარტიის ზოგიერთმა წევრმა არჩია, მარტო მისულიყო შემთხვევის ადგილზე და შემდეგ გაერთიანებულიყო ოთხ-ექვსკაციან ჯგუფებში.
პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და დაპატიმრებების სერიის მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარე ალი კარიმლი ამბობს, რომ აქცია "წარმატებული" გამოდგა.
"მიუხედავად იმისა, რომ პარტიის 100-მდე აქტივისტი სახლებში ან აქციისკენ გზაზე დააკავეს, ასობით სხვა წევრმა და ბევრმა დემონსტრანტმა შეძლო მოსვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება", — წერს ალი აქციის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა.
კომენტარები