რა ვიცით შადრევნის რეაბილიტაციაზე და კომპანიაზე, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა
თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 2021 წლის 13 სექტემბერს გამოცხადდა — ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 452 206 ლარი იყო და 5 ოქტომბერს დასრულდა.
შესყიდვას 3 მსურველი ყავდა: შპს სმარტ სოლუშენს, მამისონი და გრინსერვისი+. გამარჯვებული გრინსერვისი+ გახდა, რადგან, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული "დაბალფასიანი პრეტენდენტი" იყო — სამუშაოების 11 800 000 ლარად ასრულებდა, თუმცა, საბოლოოდ ხელშეკრულების თანხა გაიზარდა და 12 979 867 ლარი გახდა.
"მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ", — ეწერა შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში.
აქვე ნახსენები იყო, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარადგინოს ფაქტობრივად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რა ვიცით შპს გრინსერვისი+-ზე
მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც და საჯარო რეესტრშიც კომპანიის ხელმძღვანელად მითითებულია ლაშა ფურცხვანიძე, რომლის წინააღმდეგ 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა. როგორც ტაბულას არქივში ვკითხულობთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ თბილისის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილემ 2007 წელს ფიქტიურად დააფუძნეს შპს გრინსერვისი, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელები თავად იყვნენ.
გამოძიების ვერსიით, შპს-ს დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის გამოცხადებულ ტენდერებში, მაშინ, როცა ძველი თბილისის გამგებელი და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. უწყების თქმით, ისინი ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით —შედეგად გრინსერვისმა ფურცხვანიძის და ხარშილაძის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა.
"2010 წლის 16 ნოემბერს გრინსერვისის რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე გრინსერვისმა 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.
ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა", — აღნიშნავდა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო 2018 წელს.
დღევანდელ განცხადებაში ეს ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ჯერ კიდევ 4 წლის წინ წერდა, რომ კორუფციაზე და თაღლითობაზე ნასამართლევ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება აღარ უნდა მისცემოდათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა კანონსაწინააღმდეგო ფაქტი სწორედ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამოვლინდა.
2021 წელს ფლანგვის დეტექტორიც ხაზს უსვამდა შპს გრინსერვის+-ის შესყიდვებს და წერდა, რომ მხოლოდ 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 12 040 521 ლარი მიიღო.
"შპს გრინსერვისი + -ს 2013 წლიდან დღემდე ტენდერების გზით დაახლოებით 41 256 287 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით — 582 409 ლარი", — აცხადებდა ორგანიზაცია.
გრინსერვისს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი შესყიდვა და ტენდერი აქვს მოგებული ამაში მარტივად დარწმუნდებით კომპანიის ვებგვერდზე შესვლითაც. აქ მათი პროექტების ჩამონათვალში ნახავთ მზიურის პარკს, პარლამენტის შენობის წინა მოედნის, გოძიაშვილის ბაღის, მრგვალი ბაღის, რიყის პარკის რეაბილიტაციისა და გამწვანების სამუშაოებსაც.
როგორ შესრულდა სამუშაოები
ოფიციალურად წარდგენილ დოკუმენტაციაში ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 26 აგვისტოთი თარიღდება. აქ წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აქვე ატვირთულია ინსპექტირების ანგარიშის დოკუმენტიც, რომელიც 533-გვერდიანია. შპს მშენ-ექსპერტი ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში წერს, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
დოკუმენტებიდან ვიგებთ იმასაც, რომ გრინსერვისს რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ჰყავდა. მაგალითად, შპს დავითთან 2022 წლის 21 თებერვალს 4 350 960 ლარის ხელშეკრულება იყო დადებული შადრევნის მოწყობის სამუშაოებზე. შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამავე წლის 17 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტში წერია, რომ "შემსრულებელმა შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები".
გარდა ამისა, 2022 წლის 25 ივნისს ხელშეკრულება გაფორმდა შპს ჯორჯიან უნიონთან — კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოებზე, რომლის ღირებულება 72 376 ლარი იყო. 15 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით ვიგებთ, რომ "შემსრულებელმა შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები".
მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო:
- ვაკის პარკის კასკადებისა და შადრევნების რეაბილიტაციის სამშენებლო-სამონტაჟო (მათ შორის მოპირკეთებით) სამუშაოებზე შპს ნიუ მეტალ დიზაინთან;
- კასკადისა და შადრევნების მოწყობის სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოებზე უნივერსალ სერვისთან;
- სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და ძალოვანი ტრანსფორმატორის დამზადებაზე შპს ქსელმშენთან.
ყველა მათგანს ახლავს მიღება-ჩაბარების აქტი იმავე შინაარსის ფრაზით: "შემსრულებელმა შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები".
ამ დოკუმენტებში ნახავთ 2022 წლის 29 ივლისით დათარიღებულ მაღალი ძაბვის კაბელების გამოცდის ოქმსაც, რომლის დასკვნაში წერია, რომ ძალოვანი კაბელის გამოცდის შედეგები აკმაყოფილებს ელ.დანადგარების გამოცდის ნორმებს. '
ასევე, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის გამოცდის რამდენიმე ოქმს, რომლებიც იმავე დღითაა დათარიღებული და მსგავსი დასკვნა აქვს. მითითებულია ისიც, რომ მზადაა ექსპლუატაციაში შესასვლელად.
რა ვიცით რეაბილიტაციის დასრულებაზე
2022 წლის 12 ოქტომბერს, ერთი წლის შემდეგ თბილისი მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ვაკის პარკში მივიდა. ეს გაშუქდა მედიაში და მერიისა და კახა კალაძის ფეისბუქგვერდებზე.
გარდა ამისა უწყების ვებგვერდზე და მედიების ელექტრონულ ფოსტებზე გავრცელდა განცხადება სათაურით: ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
დღევანდელი უბედური შემთხვევის შემდეგ ეს განცხადება და ფოტოები ოფიციალურ გვერდებზე წაიშალა. ამ დროისთვის საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილი უკვე მერის პასუხისმგებლობის დაყენებას და მის გადადგომას ითხოვდა, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ პოსტები სპეციალურად წაიშალა, რათა დამალულიყო, რომ რეაბილიტაცია დასრულდა. თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ინფორმაციების წაშლა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ტრაგიკული შემთხვევის გამო, "რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ".
წაშლილ პრესრელიზში ეწერა, რომ "დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო".
"რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა", — წერდა უწყება.
მერიას ვებგვერდიდან არ წაუშლია მთავრობის სხდომის პრესრელიზი, სადაც კალაძე ამბობდა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მეორე ეტაპზე, არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. საუბრობდა იმაზეც, რომ არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და არ მუშაობდა. იქვე აღნიშნავდა, რომ კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც არსებობდა.
როგორ მიდის გამოძიების პროცესი
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ კვალიფიკაცია დაზუსტდა. ახლა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს — ასევე, იკითხებიან გრინსერვისი+-ის დირექტორი, დამფუძნებელი, თანამშრომლები. დარახველიძის თქმით, გამოიკითხებიან ის პირებიც, რომლებმაც დასრულებულ ობიექტს ექსპერტიზა ჩაუტარეს.
გარდა ამისა, შსს-ის ცნობით, გრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, გამოძიება შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა და ისინი კანონის წინაშე უმკაცრესად იქნებიან დასჯილი", — თქვა დარახველიძემ.
მსგავსი ფრაზა თქვა დღეს თბილისის მერმაც. კალაძემ აღნიშნა, რომ მომხდარი უმძიმესი ფაქტია და "ყველა დაისჯება შესაბამისად".
კითხვაზე, ხედავს თუ არა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, მან ასე უპასუხა:
"რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".
კომენტარები