Meta-მ რამდენიმე დღის წინ თავისი ახალი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი Meta Quest Pro წარადგინა. პირველი, რაც მასში იქცევს ყურადღებას, არის მისი საკმაოდ კომპაქტური დიზაინი — წინა მოდელებისგან განსხვავებით ის შედარებით პატარა და მსუბუქია, თხილამურების სათვალეებზე ოდნავ დიდი.

ჩაფხუტის ყიდვა შესაძლებელია 25 ოქტომბრიდან და მისი ფასი $1500 იქნება. ის ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ინტერაქციაში შევიდნენ ვირტუალურ ქმნილებებთან, რომლებიც რეალური, ფიზიკური სამყაროს სრულყოფილ ანალიზს ეფუძნება.

ფოტო: REUTERS

ამ პროდუქტის წარდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცუკერბერგის ტექ გიგანტისთვის, რადგან ეს არის მეტას შეცვლილი ხედვების, მიზნებისა და პოლიტიკის კულმინაცია — Meta იწყებს ვირტუალური რეალობის რელსებზე გადასვლას. ამ მიზნით ცუკერბერგმა კომპანიაში მილიარდობით დოლარი ჩადო. Reality Labs-მა, მეტას განყოფილებამ, რომელიც მეტავერსის რეალობად ქცევაზეა პასუხისმგებელი, შარშან $10.2 მილიარდი დაკარგა, ხოლო წელს კი — $6 მილიარდი.

ღონისძიებაზე მეტას CEO-მ ნაწილობრივ ვიდეოს, ნაწილობრივ კი ავატარის სახით მიმართა აუდიტორიას. მან აღნიშნა, რომ სურს ფიზიკური და ციფრული სამყაროები გააერთიანოს და კომპიუტერების ახალ გამოყენებას დაუდოს სათავე.

Quest Pro-ს წინამორბედთან, Quest 2-თან, შედარებით არაერთი მახასიათებელი აქვს განახლებული. ამ დროისთვის ვირტუალური რეალობის ბაზარზე ზუსტად Quest 2 დომინირებს.

ყველაზე დახვეწილი და შთამბეჭდავი, რაც მას აქვს, არის მისი 3D კამერა, რომელიც ვირტუალურ რეალობას ფიზიკურ რეალობაში ინტეგრირებს — პირობითად, თქვენ შეგიძლიათ რეალურ კედელზე დახატოთ ვირტუალური ნახატი ან რეალურ მაგიდაზე ითამაშოთ ვირტუალური ბურთით.

ამას გარდა, მეტამ ჩაფხუტს თვალებზე დაკვირვების პროგრამაც დაურთო — Quest Pro უკვე შეძლებს ადამიანის თვალებისა და სახის გამომეტყველების ზუსტ გამეორებას, რაც ავატარზე აისახება.

მეტას განცხადებით, მათი Quest Pro მეტად ერგება ადამიანებს, რომლებიც დიზაინის, არქიტექტურის თუ სხვა კრეატიულ სფეროში არიან დასაქმებულნი.

Microsoft-ის კორპორაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში Meta-მ მაიკროსოფტის არაერთი პროდუქტიც გადაიტანა მეტავერსში, კერძოდ, Word, Outlook და Teams. ეს თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია მეტასთვის, რადგან ის აჩვენებს, რომ მეტავერსი არ არის რაღაც განზე მდგომი, განცალკევებული ვირტუალური სივრცე და შესაძლებელია, ყველა კომპანიამ საკუთარი პროდუქტები მასში განათავსოს, სარგებელი მიიღოს.

ფოტო: REUTERS

Meta აგრძელებს ახლა საკუთარ "შერეულ რეალობაზე" მუშაობას, რომელშიც შესაძლებელი იქნება, ადამიანის ვირტუალური ავატარი რეალურ სამყაროში ესწრებოდეს კონფერენციას ოთახში, რომელსაც ცუკერბერგი მაგიურ ოთახს უწოდებს.

კორპორაცია ასევე გეგმავს, საკუთარი ავატარები მეტად რეალისტური გახადოს, ამიტომ მათ სხვადასხვა მახასიათებლებს ამატებს, მაგალითად, ბოლოს მათ ავატარს ფეხები დაუმატეს.