"ციდან ჩამოვარდნილი სიკვდილი": შეუძლია ასტეროიდს კაცობრიობის გადაშენება?
დედამიწაზე დინოზავრების 160-მილიონწლიანი ბატონობა ერთმა ასტეროიდმა დაასრულა. დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ, 10 კილომეტრის სიგრძის ასტეროიდმა დინოზავრების მსოფლიო წალეკა: გამოიწვია მიწისძვრები, ცუნამი, ვულკანების ამოფრქვევა და ბუნებრივი კატასტროფები, რამაც მალე დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი არსებების 75% გაანადგურა.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად დედამიწა გადარჩა.
გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი პლანეტა ასტეროიდების "არმაგედონის" მიმართ იმუნურია? თუკი ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების მსოფლიოს მოუღო ბოლო, საკმარისი არ იყო, მაშინ რამდენად დიდი უნდა იყოს იგი, რომ მთელი დედამიწის განადგურება შეძლოს?
მოკლე პასუხი ისაა, რომ დედამიწის გასანადგურებლად საჭიროა პლანეტის ზომის ასტეროიდი. თუმცა დედამიწაზე სიცოცხლის მოსასპობად ამაზე ბევრად ნაკლებიც გამოდგება.
"მარსზე დიდი ობიექტი დედამიწას ადრეული ისტორიის განმავლობაში დაეჯახა და შეიქმნა მთვარე, თუმცა ისე, რომ დედამიწა არ განადგურებულა", — განუცხადა Live Science-ს ბრაიან ტუნმა, კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტის ატმოსფეროსა და ოკეანის მეცნიერებათა პროფესორმა, რომელმაც ასტეროიდების ზემოქმედება შეისწავლა.
ტუნი გულისხმობს გიგანტური დარტყმის ჰიპოთეზას — მეცნიერულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, მარსის ზომის პლანეტა, სახელად თეია, დედამიწას შეეჯახა 4,5 მილიარდი წლის წინ, რამაც კოსმოსში გააბნია კლდოვანი ნამსხვრევები, რომლებიც საბოლოოდ მთვარედ გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ მარსი დაახლოებით 6700 კმ სიგანისაა, რაც 500-ჯერ აღემატება დინოზავრების დამღუპველი ასტეროიდის სიგანეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენი პლანეტის განადგურების ნაცვლად, თეიას ბირთვისა და მანტიის ნაწილი შეერია დედამიწისას და დარჩა მომავალი ეონების განმავლობაში, როდესაც პირველი სიცოცხლე გაჩნდა დედამიწაზე. ექსპერტები ვერ თანხმდებიან იმაზე, ეს პირდაპირი შეჯახება იყო თუ გვერდითი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დედამიწაზე იმ დროს რაიმე სიცოცხლე რომც არსებულიყო, თეიას შეჯახება მას მოსპობდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიცოცხლე შეიძლება გაჩენილიყო ჯერ კიდევ 4,4 მილიარდი წლის წინ, თეიას ზემოქმედებიდან რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ.
როგორც არამფრინავი დინოზავრების მასობრივი გადაშენება გვიდასტურებს, დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობას იმაზე ნაკლები სჭირდება, ვიდრე დიდი პლანეტის შეჯახებაა, ამიტომაც NASA ნებისმიერ კოსმოსურ კლდეს, რომლის დიამეტრიც, სულ მცირე, 140 მეტრის ზომისაა და დედამიწიდან 7,4 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრაობს, პოტენციურ საშიშროებად მიიჩნევს. ნასას მიხედვით, ასეთი კლდის ზემოქმედებამ შეიძლება გაანადგუროს მთელი ქალაქი და მის გარშემო არსებული მიწები.
უფრო დიდ კოსმოსურ კლდესთან შეჯახება, რომლის სიგანე მინიმუმ 1 კმ-ია, "ალბათ, ცივილიზაციის დასასრულს გამოიწვევს" გლობალური კლიმატური კატასტროფების წარმოქმნით", — თქვა გერიტ ლ. ვერშურმა, მემფისის როდოსის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა. და თუკი დღეს დინოზავრების მკვლელი ასტეროიდი დაგვეცემოდა, ის მთელ კაცობრიობას (და სხვა უამრავ სახეობას) გადააშენებდა.
"ზოგადად, საწყისი ზემოქმედება ქმნის უზარმაზარ ცეცხლოვან ბურთს, რომელიც კლავს ყველას, ვინც მას ხედავს", — თქვა ვერშურმა. "შემდეგ კი ზემოქმედების მტვერი და ხანძრის კვამლი ახვევს დედამიწას ე.წ. შეჯახების შემდგომ ზამთარში."
ასეთ დროს იმდენი მტვერი და მავნე გაზი დაბინდავდა ცას, რომ მცენარეები ვეღარ გადააქცევდნენ მზის შუქს ენერგიად ფოტოსინთეზის გზით. ისინი მთელ მსოფლიოში გაქრებოდნენ, რაც მალე ცხოველების გადაშენებასაც გამოიწვევდა. მხოლოდ ძალიან პატარა და მიწაზე მცხოვრებ ცხოველებს (ჩვენი ადრეული ძუძუმწოვარი წინაპრების მსგავსად) ექნებოდათ გადარჩენის შანსი.
შესაბამისად, NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ასტეროიდების ზემოქმედების რისკს და ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს მზის სისტემაში ათასობით პოტენციურ საფრთხეს. თუმცა, სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, პოტენციურად საშიში ასტეროიდი ჩვენს პლანეტას ვერ მოაღწევს, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში მაინც.
და თუკი პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი მაინც დაფიქსირდა, ნასას მასთან გამკლავებისთვის გეგმა აქვს. 26 სექტემბერს ნასამ კოსმოსური ხომალდი სამიზნე ასტეროიდის ბუნებრივ თანამგზავრ დიმორფოსს შეაჯახა და ტრაექტორია შეუცვალა.
საბედნიეროდ, დიმორფოსი დედამიწისკენ არ მოდიოდა, თუმცა ამ მისიის (DART) წყალობით, უკვე პლანეტარული თავდაცვის სისტემა გვაქვს, რისიც დინოზავრებს, ალბათ, შეშურდებოდათ.
ასევე იხილეთ:
კომენტარები