თურქეთმა NATO-ს თანამშრომლობას ავსტრიასთან ვეტო დაადო, თუმცა ამ ნაბიჯით ასევე დაბლოკა ალიანსის კოოპერაცია არაწევრ პარტნიორ ქვეყნებთანაც.

აღნიშნულის გამო NATO-ს წევრმა ქვეყნებმა პროცედურების შეცვლა გადაწყვიტეს.

"ეს არსებითად შეამცირებს პარტნიორებთან თანამშრომლობის დაბლოკვის რისკს," - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ალიანსის წევრი 28 ქვეყანა სისტემის შეცვლაზე დიპლომატიური უთანხმოების განმუხტვის მიზნით შეთანხმდა. BBC-ის ცნობით, პროცედურული რეფორმა თურქეთის მანევრამდე იყო დაგეგმილი.

ავსტრია ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ მჭიდროდ თანამშრომლობს მასთან და 400-ზე მეტი სამხედროთი კოსოვოს უსაფრთხოების მისიაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია.

ვეტო, ასევე, შეეხო ალიანსის პარტნიორულ მიმართულებებს, რომლებშიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიც შედიან.

ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა BBC-ის ოფიციალური განცხადება გადაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ გმობს თურქეთის ქმედებას:

"ეს არის უპასუხისმგებლო ქმედება ავსტრიის წინააღმდეგ, რაც აძლიერებს ჩვენს პოზიციას, რომ თურქეთი ძალიან შორსაა ევროკავშირის წევრობისგან. ამ ნაბიჯით თურქეთი საფრთხის უქმნის ევროპის ინტერესებს. დაბლოკვას გრძელვადიანი გავლენა ექნება სამშვიდობო მისიებზე დასავლეთ ბალკანეთში."

ევროკავშირში გაწევრების განაცხადის დაბლოკვის მცდელობის გამო, თურქეთი ავსტრიაზე გაბრაზებულია. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ასევე, ავსტრიას ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვაში ადანაშაულებს.

NATO-ს შეხვედრა სამშაბათს, 24 მაისს ბრიუსელში შედგება.