მოუსმინეთ: NASA-ს აპარატმა მარსის ზედაპირთან მეტეორიტის შეჯახების ხმა დააფიქსირა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) აპარატმა InSight მარსის ზედაპირთან მეტეორიტის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი სეისმური და აკუსტიკური ტალღები დააფიქსირა.
სეისმომეტრმა ვიბრაციები 2020-21 წლებში "იგრძნო". მეტეოროიდთა ტიპის ასტრონომიული სხეულები მისგან 85-290 კილომეტრის მოშორებით ჩამოცვივდა. მარსის ატმოსფეროში ერთ-ერთი განსაკუთრებულად მძლავრი შემოჭრა შარშან, 5 სექტემბერს მოხდა, რა დროსაც მეტეორიტი სულ მცირე 3 ფრაგმენტად დანაწევრდა და მინიმუმ იმავე რაოდენობის კრატერის ფორმირება განაპირობა.
NASA-ს ზონდმა Mars Reconnaissance Orbiter ღრმულების მდებარეობა წითელი პლანეტის ორბიტიდან დააზუსტა და იმ რეგიონის შავ-თეთრი ფოტოები გადაიღო, შემდეგ კი HiRISE-ს სახელით ცნობილი კამერის მეშვეობით ფერადი და ახლო გამოსახულებებიც მოიპოვა.
InSight-ის მონაცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას 2020 წლის მაისსა და 2021 წლის თებერვალ-აგვისტოში წინა 3 შეჯახებაც ჰქონდა დაფიქსირებული. ჯამში 4-ვე მათგანმა მიწისძვრები გამოიწვია, რომელთა ენერგიაც 2.0 მაგნიტუდას არ აღემატებოდა.
წითელი პლანეტის ორბიტა ასტეროიდთა სარტყელთან ახლოსაა განლაგებული, მის თხელ ატმოსფეროს კი მეტეორიტების განადგურება არ შეულია, ამიტომ, წესით, იქ შეჯახებები ხშირი უნდა იყოს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამის დამადასტურებელ სეისმურ ტალღებს InSight-თვის ქარი ან ატმოსფერული ცვლილებები "ახშობდა". ახლა მათ იციან, რომ მონაცემებში ზემოხსენებულის მსგავსი მოვლენების კვალს აუცილებლად მიაგნებენ.
ეს მარსის ზედაპირის ასაკის უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება, ორბიტიდან შეგროვებულ ინფორმაციასთან შეჯერებით კი მეტეოროიდების ტრაექტორიასაც დავადგენთ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები