ვინ წყვეტს, როდის სრულდება ზაფხული? კალენდარს თუ დავხედავთ, ზაფხული უკვე დასრულებულია, მაგრამ სინამდვილეში სანამ გარეთ მზე აცხუნებს და ღია ცის ქვეშ კარგი მუსიკა გელოდება, ზაფხულიც ძალაშია. მით უმეტეს, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ივენთზე გვაქვს ერთად საჟრიამულო — 9 სექტემბერს მზესუმზირას დაბადების დღეა.

დაბადების დღეებს მეგობრების გარეშე ფასი არ აქვს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი: ამ დღეს მთაწმინდაზე ასულებს კომუნა მზესუმზირასთან ერთად ლეგენდარული კლუბი Sisyphos დაგხვდებათ და თავს ცოტა ხნით ბერლინში ამოგაყოფინებთ.

სისიფოსი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი ანდერგრაუნდ კლუბია, რომელიც თავისი 3-დღიანი (ხანდახან კი - 6-დღიანი) შეუჩერებელი წვეულებებითა და მრავალფეროვანი აუდიტორიით არის ცნობილი: სისიფოსის ერთგული სტუმრებისათვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მხიარულება უნდა დასრულდეს — თუ დასვენება გჭირდება, იქვე ისვენებ. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა დეტალი იქცევს ყურადღებას: მზე რომ ლამაზად ეცემა ბრჭყვიალა დეკორაციას და ქარი რომ ფერად-ფერადი ნაჭრის ფოჩებს არხევს — ამაზე ვიღაცამ იფიქრა — იმისთვის, რომ ცეკვისგან დაღლილსა და სადმე მიწოლილს სასიამოვნო გამოცდილება გქონოდა. სისიფოსში მოგონებების შესაქმნელად მიდიხარ და თანაც ისე, რომ ზუსტადაც არ იცი, ვის მოუსმენ — კლუბის შემქმნელებს სურთ, რომ სტუმრები წინასწარი შემზადებისა და მოლოდინის გარეშე აღმოჩნდნენ უზარმაზარი კარის მეორე მხარეს, ჯადოსნურ სამყაროში. როგორც წესი, ეს მიდგომა ამართლებს და სისიფოსიდან გამოსული ემოციებით თავბრუდახვეული აგრძელებ ცხოვრებას, თავში კი ერთი აზრი გიტრიალებს: ეს რა იყო?!

ალბათ, ცხოვრებისადმი გულღია დამოკიდებულება და დეტალების სათანადოდ დაფასების უნარი არის მიზეზი, რის გამოც კომუნა მზესუმზირა და სისიფოსი ერთი ნახვით დამეგობრდნენ.

"მზესუმზირას ინსპირაცია ზოგადად ბერლინში მოგზაურობა იყო და ამ მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი სისიფოსიც იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენსა და მათ შორის გაიცვალა ინფორმაცია, მათ ძალიან მოეწონათ ის ხედვის არეალი, რითაც ჩვენ მზესუმზირას ვაკეთებთ და გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა ეზოში, 2019 წელს. ამ ივენთმა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ძალიან ახლო მეგობრებად აქცია მზესუმზირა და სისიფოსი. მას შემდეგ არაერთხელ ვყოფილვართ მათი სტუმრები მას შემდეგ არაერთხელ ვყოფილვართ მათი სტუმრები. სექტემბრის ბოლოს კი გაფართოებული შემადგენლობით ვეწვევით და დაუვიწყარ ჯგრიალს ავტეხავთ სისიფოსის სხვადასხვა სცენებზე", — გვიყვება ვახუნა ქავთარაძე, კომუნა მზესუმზირას დამფუძნებელი.

სისიფოსის მაგია რომ თავისუფლად განმეორებადია თბილისში, 2019 წლის ივენთზე ცხადად გამოჩნდა. წელს არანაკლები სანახაობა გველოდება, თანაც პანდემიისას გამოტოვებული დაბადების დღის წვეულებაც ასანაზღაურებელია.

ორწლიანმა უძრაობამ გვაჩვენა, რომ ყველაფერი, რასაც მოცემულობად ვიღებდით: კარგი მუსიკა, მასშტაბური ივენთები, საცეკვაო მოედანზე ხტუნვა და მეგობრებთან ჩახუტება — სულაც არ ყოფილა გარანტირებული: "ძალიან განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა ჩვენც და ვფიქრობ მთელ სცენას. ადამიანები უფრო გაუცხოებულები არიან ერთმანეთთან, ვიდრე პანდემიამდე იყო, ამიტომ დრო, სტაბილურად მუშაობა და პრინციპებზე მყარად დგომაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა ადამიანებმა ისევ ისე კომფორტულად მოილხინონ და გაცვალონ ინფორმაცია ერთ სივრცეში, როგორც ადრე", — გვიყვება ვახუნა.


რა დაგვხვდება იქ

დაბადების დღეზე რამდენიმე სთეიჯი იფუნქციონირებს — იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს შეძლო შენი განწყობის შესაბამისი ადგილისა და ხალხის პოვნა.

მთავარ სცენაზე მხოლოდ ქართველი არტისტები დაუკრავენ, მზესუმზირას რეზიდენტები და მეგობრები — მათ შორის ისეთებიც, ვინც აქამდე ეზოს მთავარ სცენაზე არ გიხილავთ. არ გამოტოვოთ აუდიო სფეისისა და გიო შენგელიას B2B, რომელიც ეზოში პირველად შედგება და ეზოს სცენას 2023 წლის ეზო ფესტივალამდე დახურავს.

oDa სთეიჯზე სისიფოსის რეზიდენტებს Norman Weber-ს, DavID Silver-ს, Juli N More-სა და მზესუმზირას რეზიდენტ Abdali-ს მოვუსმენთ.

ისიც უნდა ითქვას, რომ სისიფოსი მუსიკალური მხარის გარდა, სცენის ვიზუალურ კონცეფციასა და განათებასაც დაატყობს ბერლინურ ხელს — იქნება მათი მზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი პიცაც.

დილისკენ kOs mOs სთეიჯიც ამოქმედდება, სადაც რეფლექტორის გუნდის წევრი G.Kura და მზესუმზირას რეზიდენტი Sumo დაუკრავენ და განახლებული ძალით ააგუგუნებენ წვეულებას.

ფოტო: Mzesumzira / Facebook

ივენთის ტერიტორიაზე დაგხვდებათ მუდმივად დაუდგრომელი ქარის წისქვილიც, რომელმაც რაჭიდან, როკვა ფესტივალიდან პირდაპირ მთაწმინდაზე ამოყო თავი.


კარგი მუსიკა მზესუმზირას გამოცდილების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა-ერთადერთი კომპონენტია. მთავარი ჯადოქრობა მაინც ისეთი ატმოსფეროს შექმნაა, სადაც უცნობი ადამიანებიც მეგობრულად გიღიმიან და გაგრძნობინებენ, რომ ყველანი ერთი და იმავე თავგადასავლის ნაწილები ხართ — საკუთარი უნიკალური პერსპექტივით.

8 წელი პატარა დრო არაა — ამ პერიოდში კომუნა მზესუმზირამ შეძლო, გართობის სრულიად ახალი სტანდარტები დაემკვიდრებინა.

"შეიცვალა მასშტაბი, თუმცა უცვლელი დარჩა ის პირველი მიზნები და სულისკვეთება" — წერია დაბადების დღის ივენთის აღწერაში და რთულია არ დაეთანხმო – არსად გამქრალა სურვილი, რომ მზის ამოსვლამდე თავდავიწყებით იცეკვო — მზესუმზირას წევრები კი ისევ ისეთი შემართებითა და ახლა უკვე მეტი გამოცდილებით ქმნიან სივრცეს, სადაც ყველა იგრძნობს თავს ისე, როგორც შინ.

ასე რომ,

თუ ზაფხულთან დასამშვიდობებლად ჯერ მზად არ ხარ და გინდა, საყოველთაო მხიარულების ნაწილი გახდე, ბილეთების შეძენას ამ ლინკზე შეძლებ.

შევხვდებით მთაწმინდაზე!