უახლოეს 3 წელიწადში შეიძლება ორი ზემასიური შავი ხვრელის შეჯახების მომსწრენი გავხდეთ
მილიარდი სინათლის წლის მანძილით დაშორებული გალაქტიკის უცნაური ქცევა მეტყველებს, რომ ის შეიძლება შეიცავდეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენას თანამედროვე ასტრონომიაში. სინათლის რყევები გალაქტიკის ცენტრიდან საეჭვოდ ჰგავს სუპერმასიური შავი ხვრელის წყვილს, რომლებიც დაახლოებით 200 მილიონი მზის მასის უნდა იყვნენ და ერთმანეთს გარდაუვალად ეჯახებიან.
კოსმოსური თვალსაზრისით "გარდაუვალი" ხშირად ძალიან დიდი პერიდია ხოლმე. თუმცა, ამ შემთხვევაში, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ თუ სიგნალი მართლაც კოლოსალური შავი ხვრელების შედეგია, ჩვენი თვალსაწიერიდან ისინი ერთმანეთს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში შეერწყმებიან.
ეს შეიძლება საუკეთესო კადრი იყოს იმის თუ როგორ ერწყმება ორი გიგანტური შავი ხვრელი ერთმანეთს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით რა ხდება J1429+2303 გალაქტიკის ცენტრში. მეცნიერები ამ უცნაური გალაქტიკის დაკვირვებას მომავალშიც გეგმავენ.
2015 წელს შავი ხვრელების შეჯახების პირველმა აღმოჩენამ ასტრონომიაში ახალი ეპოქა გააჩინა. მას შემდეგ კიდევ ბევრი აღმოჩენა გაკეთდა გრავიტაციული ტალღების წყალობით, რომლებიც ამ მასიური მოვლენებს ასახავდნენ.
თითქმის ყველა ეს შერწყმა იყო შავი ხვრელების ორობითი წყვილისგან, რომელთა მასები შედარებულია ცალკეულ ვარსკვლავებთან. ამას ძალიან კარგი მიზეზი აქვს. LIGO და Virgo, გრავიტაციული ტალღების ინსტრუმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღმოჩენაზე, შექმნილია სწორედ ამ მასის დიაპაზონისთვის.
როგორც წესი ზემასიური შავი ხვრელების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ტალღები მილიონობით თუ არა მილიარდობით მზის მასის დიაპაზონშია და ჩვენი ობსერვატორების მიერ მათი დაფიქსირება რთულია. მიუხედავად ამისა, სუპერმასიური შავი ხვრელების წყვილის შერწყმა საოცრად კარგი რამ იქნებოდა დასაკვირვებლად. დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების აღქმის უნარის მქონე დეტექტორის გარეშეც კი, მეცნიერები მოელიან, რომ დაინახავენ სინათლის უზარმაზარ აფეთქებას მთელ სპექტრში.
ამ მოვლენის შედეგად მიღებულმა მონაცემებმა შეიძლება ბევრი რამ გვითხრას იმაზე, თუ რა ხდება ასეთ დროს. ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ, როგორ ხდებიან შავი ხვრელები ასეთი გიგანტურები, მაგრამ არსებობს რამდენიმე მინიშნება იმისა, რომ ამის ერთი მექანიზმი სწორედ ასეთი ორობითი შერწყმებია.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
ცნობილია, რომ გალაქტიკების ცენტრებში ზემასიური შავი ხვრელებია. მეცნიერები აკვირდებიან არა მხოლოდ გალაქტიკების შეჯახებებს, არამედ ზემასიურ შავ ხვრელებსაც, რომლებიც ტრიალებენ ერთმანეთის გარშემო გალაქტიკების შერწყმის შემდეგ.
ამ წლის დასაწყისში, ასტრონომთა ჯგუფმა ნინგ ჯიანგის ხელმძღვანელობით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნა ნაშრომი arXiv-ზე, რომელშიც აღწერილი იყო მართლაც უცნაური ქცევა. სამი წლის განმავლობაში, გალაქტიკის ბირთვში რხევები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.
საქმეში ბოლომდე გასარკვევად, ასტრონომებმა მიმართეს რენტგენულ ტალღის სიგრძეებს. რენტგენის სხივების ობსერვატორიის მონაცემების გამოყენებით, რომელიც მოიცავს 200 დღის პერიოდს, გუნდმა სცადა დაედგინა მაღალი ენერგეტიკული ნიშნები. ეს ნიშნები ზემასიური შავი ხვრელების შერწყმისგან უნდა გაჩენილიყო.
მათ მართლაც ნახეს გალაქტიკის მიერ გამოსხივებული რენტგენის შუქის ცვალებადობა, ისევე როგორც ემისიის ტიპი, რომელიც დაკავშირებულია შავ ხვრელში ჩავარდნასთან. ეს მკვლევრებმა ორი სხვადასხვა ინსტრუმენტიდან აღმოაჩინეს და მიგნების მიმართ ნდობა 99,96 პროცენტია. ეს ემისია ასოცირებულია ორობით ზემასიურ შავ ხვრელთან. თუმცა, გუნდმა ვერ გაზომა ყველა მახასიათებელი, რაც დაადასტურებდა შავი ხვრელის ორობითობას.
რაც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, ისაა რომ რაღაც ძალიან საინტერესო და უცნაური ხდება J1430+2303 გალაქტიკის ცენტრში. მეცნიერები გალაქტიკაზე დაკვირვების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.
ნაშრომი მიღებულია გამოსაცემად Astronomy & Astrophysics-ში და ხელმისაწვდომია arXiv-ზე.
კომენტარები