მეცნიერებმა ბაქტერიოფაგები ფილტვის რთული დაავადებების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს
კალიფორნიისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ბაქტერიოფაგები, ანუ ბაქტერიების გამანადგურებელი ვირუსები ფილტვის ისეთი რთული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეს, რომლებიც ანტიბიოტიკ რეზისტენტული მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთან პრეპარატებით ბრძოლა ძნელია, რადგან ასეთი მედიკამენტებისგან თავის დაცვის ძლიერი მექანიზმი აქვთ.
საუბარია არატუბერკულოზურ მიკობაქტერიებზე, რომლებიც ზოგჯერ ფილტვებს უტევენ. მსგავსი ინფექციები ხშირია პაციენტებში, რომელთაც კისტური ფიბროზის მაგვარი, ბრონქების დამაზიანებელი ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
დღესდღეობით ბაქტერიოფაგული თერაპია შეზღუდულია, რადგან მათი ყოველი სახეობა მიზანში ბაქტერიების ერთ კონკრეტულ სახეობას იღებს, თანაც სამედიცინო მიზნით გამოყენებადი ფაგების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ასევე, ამ მეთოდს ძირითადად მაშინ მიმართავენ, როცა მკურნალობის სხვა ყველა საშუალება მარცხით სრულდება.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცდა 20 ადამიანზე ჩაატარეს, რომელთაც არატუბერკულოზური მიკობაქტერიებით გამოწვეული ფილტვის ინფექციები ჰქონდათ და მათი მაპროვოცირებელი დაავადებებიც აღენიშნებოდათ. სპეციალისტებს პაციენტების ორგანიზმში ფაგები ვენიდან, აეროზოლის სახით ან ორივე ფორმით დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 6 თვის განმავლობაში შეჰყავდათ (თერაპიის ხანგრძლივობა თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვა კლინიკური ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრა).
11 ცდისპირში სიმპტომები შემსუბუქდა და ბაქტერიების რაოდენობა შემცირდა, დანარჩენ 5-ში შედეგები ბუნდოვანი იყო, 4-ში კი არაფერი შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენები არცერთ მათგანში დაფიქსირებულა.
ავტორები კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ ზემოხსენებული მონაცემები იმედის მომცემია. მეტის გასაგებად კი დამატებითი კვლევებია საჭირო.
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია (ანტიბიოტიკ რეზისტენტულ ბაქტერიებთან) ბრძოლაში, რომელიც, სავარაუდოდ, არასდროს დასრულდება", — აცხადებენ ისინი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Clinical Infectious Diseases გამოქვეყნდა.
კომენტარები