როგორ მიულოცა საქართველომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე
უკრაინა ომის დაწყებიდან ზუსტად 6 თვის შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ზეიმობს ომის პირობებში, თუმცა უცვლელი სულისკვეთებით და სამშობლოს დაცვის ჟინით. მსოფლიოსთან ერთად ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოდანაც, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
როგორ მიულოცა საქართველოს ხელისუფლებამ
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორწინადადებიანი განცხადება ტვიტერის საშუალებით გაავრცელა. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხალხს მშვიდობა უსურვა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მილოცვის ტექსტში აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერია ერთსა და იმავე გასაჭირში, ორივე ქვეყანამ იცის დამოუკიდებლობის ფასი და ყოველთვის ერთად იდგებიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფლებისთვის უკრაინის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და უკრაინელ ხალხს უსურვა მუდმივი ძალა, სიმამაცეს, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი, აყვავებული მომავალი.
თბილისის მერის, კახა კალაძემ დაწერა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე როგორც მარადიული ღირებულებაა, რაც არის ამ სახელმწიფოების ფუნდამენტი თავისუფლება. მანვე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და წარმატებები უსურვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეგობარ უკრაინელებს მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
როგორ მიულოცა ოპოზიციამ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო. მანვე განაცხადა, რომ თავისუფლების მოყვარე სამყარო გაიმარჯვებს და ჯოხარ დუდაევის სიტყვები მოიშველია — "რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა!"
ლელოს ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ უკრაინასა და მის გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხალხს დღევანდელ აქციაზე წასვლისკენ მიულოცა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა დაწერა, რომ ამ ქვეყანამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რამდენად ძლიერი და შეუპოვარი ხალხის სამშობლოა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ მილოცვა ტვიტერზე გაავრცელა და უკრაინას შეახსენა, რომ ქართველი ხალხი ამაყად დგას მათ გვერდით.
პარტია დროას თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აქციები იმართება, როგორც თბილისში, ისე ბათუმში და იმედი გამოთქვა, რომ ხალხი შეიკრიბება და ღირსეულად შეხვდებიან ამ დღეს.
როგორ მიულოცა სამოქალაქო საზოგადოებამ
მოძრაობა სირცხვილიამ აღნიშნა, რომ როგორც უკრაინას, ისე საქართველოს დღემდე უწევს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.
"ქართული სახელმწიფო არ გატყდა, არ გატყდება არც უკრაინა, ვინაიდან თქვენი არჩევანი პრინციპული და მტკიცეა — დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო, ნაცვლად წარსული, დამპალი და მჩაგვრელი იმპერიის ნაწილად ყოფნისა.
ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში მთელი გულით გისურვებთ გამარჯვებასა და გამთლიანებას და გვჯერა, რომ ნათელი აუცილებლად გაიმარჯვებს უკუნით სიბნელეზე!", — ამბობენ ისინი.
სამართლიანმა არჩევნებმა განაცხადა, რომ სჯერათ, უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნისთვის წარმატებით დასრულდება.
ანტიკორუფციულმა მოძრაობამ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გამართა რიყის პარკში.
ეროვნული დღესასწაული უკრაინას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომაც მიულოცა და ქვეყანას გამარჯვება უსურვა.
დღეს, 24 აგვისტოს თბილისში უკრაინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება. შეკრებილები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით ჩაატარებენ მსვლელობას.
კომენტარები