როგორ გახდა ფინანსური აპლიკაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და რას გვთავაზობს სამომავლოდ
ხელმისაწვდომობა ყველგან და ყოველთვის
თუ აღარ გახსოვს ბოლოს როდის მიხვედი ბანკში — თუნდაც, ერთი შეხედვით, რთული ტრანზაქციის შესასრულებლად — ესე იგი, ფინანსური აპლიკაცია, რომლითაც სარგებლობ, კარგად ასრულებს თავის საქმეს. ამჟამინდელი ცხოვრების ტემპი არ გვაძლევს დროის ფლანგვის საშუალებას, ამიტომ რიგის მოლოდინიც კი საუკუნესავით გვეწელება როცა ველოდებით თავისუფალ ოპერატორს.
დროისა და ლოკაციის ფაქტორი მხოლოდ მცირედია იმ ბენეფიტების სიაში, რომელსაც მობილბანკი გვთავაზობს. დღეს ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი საბანკო ანგარიშები და ავტომატურად გადავიხადოთ ინდივიდუალური გადასახადები.
გადაყარე ზედმეტი ფურცლები
ზოგიერთ ჩვენგანს მაინც უყვარს დოკუმენტაციის კლასიკური-ფიზიკური ფორმა. მაგრამ მათთვის, ვისაც ურჩევნია ინფორმაციის კომპაქტური და ელექტრონული ფორმით ერთ სივრცეში შენახვა, ფინანსურმა აპლიკაციამ საგრძნობლად გაამარტივა ეს პროცესი. ამისთვის ყველაზე პოპულარული მაგალითია ფინანსური ვალდებულებების გადახდა.
მაგალითად, სამომხმარებლო სესხის, განვადებისა და საკრედიტო ბარათის მინიმალური შენატანის დროული ორგანიზება. ალბათ, არა ერთხელ მოგისმენიათ მომხმარებლის უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ მას სხვანაირად ჰქონდა დათვლილი გადასახადი, ოპერატორი კი ცდილობს დამოუკიდებლად განმუხტოს უკმაყოფილებით გამოწვეული დაძაბულობა.
საბედნიეროდ, მობილბანკში მომხმარებელი დეტალურად ხედავს გრაფიკს და მისი წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში დაკლებულ პროცენტსაც. ამიტომ, აღარ გვჭირდება ათასი ფურცლის შენახვა "ყოველი შემთხვევისთვის", აპლიკაციაში ყველაფერს დეტალურად ვადევნებთ თვალს.
ხელოვნური ინტელექტი და სწრაფი კომუნიკაცია
ჩეტბოტი ერთ-ერთი საუკეთესო ატრიბუტია მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში.
მაშინ, როდესაც გვჭირდება სწრაფი პასუხი მარტივ შეკითხვაზე, ჩეტბოტი მოკლედ და რაც მთავარია, გასაგებად გვპასუხობს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობებზე. ჩვენი ყოველდღიურობა სულ უფრო ციფრული ხდება და ამავე ტემპს მიყვება კომუნიკაციის სტრატეგიებიც.
ფინანსების გაციფრულება
ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და კლასიკური ვალუტა — ლარი, დოლარი და ევროა. თუმცა, არ შეიძლება უგულებელვყოთ მომავლის ფინანსური ერთეულები, რომელსაც კრიპტოვალუტას ვუწოდებთ. ბოლო დროს გავრცელებულმა NFT თამაშებმა და აპლიკაციებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ფინანსური აპლიკაციების ქონის აუცილებლობა.
ბლოქჩეინის სისტემაც უკვე საკმაო ხანია დამკვიდრდა სამიზნე აუდიტორიაში, ამიტომ ცხადია, საბანკო აპლიკაციების სიასაც შეემატა, რომელიც ძირითადად კრიპტო ვალუტებზეა ორიენტირებული და მისი სასურველი ფორმითა და სასურველ ანგარიშზე გადატანის შესაძლებლობას გვაძლევს. ფინანსების კონცეპტი სწრაფად ვითარდება და სწორედ ფინანსური აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ამ ტრენდებს დროულად შევუერთდეთ.
მულტიფუნქიური/ღია საბანკო ოპერაციები
ამჟამად თითქმის ნებისმიერ ფინანსურ აპლიკაციაში შეგვიძლია გავაერთიანოთ სხვა ბანკებში არსებული ისტორია და ანგარიშები უფრო სწრაფად და ეფექტურად ვმართოთ. გარდა ამისა, მობილბანკი გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ საპენსიო დანაზოგი და გავაკეთოთ ინვესტიციები. აშკარაა, რომ ფინანსური აპები უკვე მრავალ ფუნქციას ითავსებენ და ეს ნელ-ნელა მას სუპერ-აპად აქცევს.
რადგან ფინანსური აპლიკაციების საბაზისო ელემენტები უკვე განვიხილეთ, ვნახოთ რა სიახლე შეიძლება შემოგვთავაზოს სუპერ-აპად ქცეულმა ფინანსურმა აპლიკაციამ და როგორ გააუმჯობესებს ჩვენს წვდომას უფრო ფართო-მასშტაბიან საბანკო სერვისებზე.
სუპერ-აპი და მისი სამომავლო ბენეფიტები
მარტივად რომ ვთქვათ, სუპერ-აპი არის ისეთი ტიპის აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს მრავალფეროვანი სერვისით-მათ შორის საბანკო გადარიცხვებისა და გადახდების სხვადასხვა ფორმით.
რადგანაც ფინანსური აპლიკაციები მარტივი გადარიცხვების გარდა სხვა ფუნქციების ათვისებასაც იწყებენ და რაც მთავარია-ყველაზე ხშირად გამოყენებად აპლიკაციების რიცხვს მიეკუთვნებიან, მათი სუპერ-აპად ქცევის დიდი შანსია.
დამატებითი სერვისები, რომლებიც ფინანსურ აპლიკაციას შეუძლია შეითავსოს არის: კრიპტო ვალუტებით მობილ-ბანკის სივრცეშივე ვაჭრობა, ტაქსის ან მიტანის სერვისებით სარგებლობა, სამოგზაურო ან ავტო დაზღვევის გააქტიურება-ასევე ბილეთების შეძენა სასურველ ღონისძიებებზე.
ერთ სივრცეში ჩვენ შევძლებთ მრავალფეროვანი ფინანსური ტრანზაქიების განხორციელებას ზედმეტი ლინკების გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მობაილ აპლიკაციამ უკვე გააქტიურა ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის ფუნქცია.
ფინანსური აპლიკაციები საზღვრებს გარეთ
ცხადია, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა სადაც მოქალაქე ადგილობრივი მობილბანკით სარგებლობს. პარალელებისთვის შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-ს მაგალითი სადაც ამ ხუთი ბანკის ფინანსური აპლიკაცია ლიდერობს:
- Citibank;
- Wells Fargo;
- USAA;
- NFCU;
- Bank Of America.
შეერთებული შტატების მობილბანკის კონკურენტუნარიანობის (Mobile Banking Competitive Edge Study) კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ მომხმარებლების მთავარი პრიორიტეტი ელექტრონული ანგარიშების უსაფრთხოება და მათი დროებით დახურვის შესაძლებლობაა. რადგან უკვე ხშირად ვიყენებთ ონლაინ შოპინგის პლატფორმებს, ფინანსური აპლიკაციები გლობალურად ავითარებენ ელექტრონული ანგარიშების დაცვის სტრატეგიებს. ყველაზე გავრცელებული კი ბიომეტრიული დავის ფორმატია.
ელ. ანგარიშები და ბიომეტრიული დაცვის სისტემა
ფედერალური საფინანსო კომისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის რიცხვი 104%-ით გაიზარდა.
ამ ფაქტმა დააჩქარა ბიომეტრიული დაცვის შექმნის პროცესი, რომელიც ამჟამად ყველაზე ეფექტური ხერხია ციფრულ სივრცეში საბანკო მონაცემების უსაფრთხოებისთვის. ბიომეტრიული დაცვა ეფექტურია კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და უსაფრთხო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის.
სახის ამოცნობის, ხმის, თითის ანაბეჭდების და სხვა, ბიომეტრიული ხერხების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, დავიცვათ ანგარიშები და მოწყობილობები უცხო პირების წვდომისგან.
ელ. კომერცია და ფინანსური აპლიკაციები
ელექტრონული კომერცია გლობალური ტრენდია. ელ. კომერციის ფორმა დროთა განმავლობაში დაიხვეწა და ამჟამად უკეთ ორგანიზებული სახით სთავაზობს მომხმარებელს თავის პროდუქციას.
ძირითადად ინსტაგრამის ონლაინ მაღაზიიდან ნივთის შესაძენად ჯერ ვწერთ თვითონ გვერდს და ველოდებით ადმინისტრატორისგან საბანკო მონაცემებს, რომელზეც უნდა გადავრიცხოთ თანხა. ამჟამად კი თიბისი ბანკი ბმულით/QR კოდით გადახდის ინტეგრირებას გვთავაზობს, რომელიც გაუადვილებს შეკვეთის მიღებას და დასრულებას როგორც მომხმარებელს, ასევე პროდუქტის რეალიზატორს. თიბისი ბანკის ბმულით გადახდის ფუნქცია კი ამ ბენეფიტებს გთავაზობთ:
- პროდუქტების და ინვოისების მართვა ვებგვერდის გარეშე;
- გადახდის მრავალეფეროვანი მეთოდები მომხმარებლისთვის;
- ტელეფონის და მისამართის მითითების საშუალება მომხმარებლისთვის;
- მარაგების ლიმიტის კონტროლი;
- გადახდის ავტომატური პროცესი სოციალურ ქსელით გაყიდვისას.
არ ჩამორჩე ტემპს
ციფრული სფერო სწრაფად ვითარდება. ყოველ-დღე ციფრულ სფეროსთან ერთად ფინანსური სექტორიც ცხელ-ცხელ სიახლეებს გვთავაზობს ჩვენი მობაილ ბანკინგინგის გამოცდილებების გასაუმჯობესებლად. არ ჩამორჩე სიახლეებს და ეცადე არ დაგრჩეს შენი ერთგული სმარტფონი სახლში.
კომენტარები