ჩინეთში ღრუბლების დათესვა დაიწყეს — მდინარე იანძის დაშრობას ხელოვნური წვიმით ებრძვიან
ჩინეთში იანძის წლით მოსამარაგებლად ცაში ღრუბლების დათესვა დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სიცხის რეკორდული ტალღა ფიქსირდება, მდინარე ადგილ-ადგილ დამშრალია.
როგორც ოთხშაბათს წყლის რესურსების სამინისტროდან განაცხადეს, იანძის დაშრობას სასმელი წყლის ხარისხსა და მოსავლიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
ამინდის მოდიფიკაციის პროგრამა მდინარის რამდენიმე რეგიონში გაუშვეს, თუმცა ზოგიერთ ადგილას ღრუბლის საფარი იმდენად თხელია, რომ ოპერაციები ჯერჯერობით ლოდინის რეჟიმშია.
ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს: არსებულ ღრუბლებში თვითმფრინავებით ვერცხლის იოდიდის ღეროებს (როგორც წესი, ისინი სიგარეტის ზომისაა) სტყორცნიან, რათა ამით ყინულის კრისტალების ფორმირებას შეუწყონ ხელი. კრისტალები ნოტიო შიგთავსს ამძიმებს და მისი გამოთავისუფლების შანსსაც ზრდის, შესაბამისად კი, ღრუბელს მეტი წვიმის წარმოქმნაში ეხმარება.
მეთოდი პრაქტიკაში 1940-იანი წლებიდან გვხვდება, ჩინეთს კი მსოფლიოში მისი უდიდესი პროგრამა აქვს. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების წინ იგი ღონისძიებისთვის მშრალი ამინდის უზრუნველსაყოფად გამოიყენეს. მისი საშუალებით თოვლის ხელოვნურად გამოწვევა ან სეტყვის შემსუბუქებაც შეიძლება.
გასათვალისწინებელია, რომ გაუსაძლისად მაღალი ტემპერატურისა და მცირე ნალექიანობის გამო ჩრდილო-ნახევარსფეროში, მდინარე იანძის გარდა, არაერთი სხვა წყალსატევი შრება, მათ შორის: აშშ-ში მიდის ტბა, გერმანიაში კი — მდინარე რაინი.
ასევე იხილეთ: "თუ მხედავ, იტირე" — მდინარეთა დაშრობის შედეგად ევროპაში "შიმშილის ქვები" გამოჩნდა
ესოდენ ექსტრემალური ამინდი ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის კრიზისს მიეწერება. გამომდინარე იქიდან, რომ წყლის რესურსები ეკონომიკური აქტივობისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მთავრობებს არაერთი ზომის მიღება უწევთ, რაც არც თუ ისე ცოტა ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
კომენტარები