ცვლილებები Apple-ის პროდუქტებში — თქვენი iPhone-ი მალე, შესაძლოა, ბევრი რეკლამით იყოს დატვირთული
როგორც ჩანს, კომპანია ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს საკუთარი სარეკლამო ბიზნესი.
Apple უფრო მეტი რეკლამის განთავსებას გეგმავს იმ აპლიკაციებში, რომლებიც უკვე ჩამოტვირთული გაქვთ თქვენს iPhone-სა და Apple-ის სხვა პროდუქტებში — Maps-ში, Books-სა Podcasts-ში. Bloomberg-ის ჟურნალისტის მარკ გურმანის მიხედვით, Apple-მა Maps-ში უკვე გამოსცადა საძიებო რეკლამები, რომლებიც თქვენს ეკრანზე რეკომენდაციების სახით გამოჩნდება მაშინ, როდესაც მოიძიებთ უახლოეს რესტორნებს, მაღაზიებს ან სხვა დაწესებულებებს.
კომპანიამ App Store-ში უკვე შემოიღო მსგავსი სარეკლამო მოდელი, რაც დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გადახდით მთავარ გვერდებზე საკუთარ პროდუქციას გაუკეთონ რეკლამირება. გურმანის მიხედვით, Maps-ის რეკლამებიც მსგავსი მოდელით იმუშავებს — ვინც გადაიხდის, იმისი ობიექტი გამოჩნდება სიის სათავეში.
გურმანს სჯერა, რომ Apple რეკლამებს თავის სხვა აპლიკაციებშიც — Podcasts-სა და Books-შიც — განათავსებს. ეს შესაძლებლობას მისცემს გამომცემლებს, რომ ამ პლატფორმებზე გადახდით საკუთარი პროდუქცია დააწინაურონ. Maps-ის მსგავსად Podcasts-ის და Books-ის აპებიც ჯერჯერობით თავისუფალია რეკლამებისგან.
9to5Google-ის მიხედვით, Today-ის tab-ზე რეკლამები ფანჯრის სახით გამოჩნდება აპლიკაციის სახელის ქვეშ წარწერით "რეკლამა" ("Ad"), ხოლო ინდივიდუალურ აპებში რეკლამას ექნება წარწერა "თქვენ ასევე შეიძლება, მოგეწონოთ" (“You Might Also Like”).
გურმანი აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, რეკლამები Apple TV Plus-ზეც გამოჩნდება და მომხმარებლებს შეეძლებათ, დაბალ ფასად გამოწერონ რეკლამის შემცვლელი არხები. იმავეს 2022 წლის ბოლოსთვის Netflix და Disney Plus-იც გეგმავენ. ამჟამად Apple TV Plus-ზე შეიძლება 4.99$-ად რეკლამებისგან თავისუფალი არხის გამოწერა, თუმცა აპმა პარასკევს, ღამის ბეისბოლის პერდაპირი ეთერის დროს უკვე დაიწყო რეკლამების ჩვენება.
Apple-მა App Store-ზე რეკლამების განთავსება 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ ის რეკლამებს თავის სხვა აპებშიც — Stocks-სა და News apps-შიც — ათავსებს. გასული წლის სექტემბერში კომპანიამ გამოკითხა საკუთარი მომხმარებლები, სურთ თუ არა მათ პერსონალიზებული რეკლამები, რომლებიც ზემოაღნიშნულ აპებში გამოჩნდება და იქნება სრულ თანხვედრაში აპლიკაციების თვალთვალის გამჭვირვალობის (ATT) პოლიტიკასთან, რომელიც სოციალურ პლატფორმებს მილიარდობით დოლარი უჯდებათ.
ATT მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გამორთონ თვალთვალის, ტრეკინგის ფუნქცია, რომელსაც სარეკლამო სააგენტოები იყენებენ დათარგეთებული რეკლამირებისთვის. ამან, შესაძლოა, გაზარდა Apple-ის სარეკლამო სექტორი, რადგან ამ პოლიტიკის შედეგად ბიზნესებს მოუწიათ საკუთარი სარეკლამო სტრატეგიების გადახედვა. Insider-ის მიერ Omdia-სგან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, Apple-ის სარეკლამო ბიზნესი 2021 წელს 238%-ით 3.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Apple-ის ნაბიჯი, ჩაეშვა რეკლამები App Store-ში — და პოტენციურად Maps-ში, Podcasts-ებსა და Books-ში — არის იმის ნიშანი, რომ კომპანია ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს საკუთარი სარეკლამო ბიზნესი. მაისში Insider-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Apple-ის მომსახურების უფროსი ვიცე პრეზიდენტი Eddy Cue გეგმავს კომპანიის მომსახურების იმგვარად შეცვლას, რომ მეტი აქცენტი რეკლამებზე გაკეთდეს. Apple-ის იმ განყოფილებას, რომელიც რეკლამებსა და სხვადასხვა გამოწერებზეა პასუხისმგებელი, წლის წინა კვარტალში მოგების 12%-იანი ზრდა ჰქონდა.
კომენტარები