რამდენს იწონის "სული"? — რას ამბობს მეცნიერება
მარადიული სული ძლიერი ცნებაა. ეს არის მრავალი რელიგიის ცენტრალური დასაყრდენი და ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. თუმცა, რამდენად რეალურია ის? ამაზე დავა არ წყდება, საზოგადოებაში ის ინფორმაციაც კია გავრცელებული, თითქოს სული 21 გრამს იწონის. ამ იდეაზე საკმაოდ ცნობილი ფილმიცაა გადაღებული და არ გაგიკვირდებათ, მას "21 გრამი" ჰქვია.
მაშ, რამდენს იწონის სინამდვილეში სული? ცუდი ამბავი ის არის, რომ, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ იტყვის. მეცნიერება ვერ ამტკიცებს სულის არსებობას. შესაბამისად მისი შემოწმებაც ვერ ხდება. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ექიმმა სწორედ რომ სულის წონის დადგენა სცადა.
ისტორია გასული საუკუნიდან დაიწყო, ბოსტონის უბანში, დორჩესტერში. ყურადღების ცენტრი ცნობილი ექიმი მაკდუგალი იყო. მას მიაჩნდა, რომ თუ ადამიანებს აქვთ სული, ეს სივრცეს უნდა იკავებდეს. და თუ სულები იკავებენ ადგილს, მათ წონაც უნდა გააჩნდეთ.
სულის აწონვა
ამის გასარკვევად მხოლოდ ერთი გზა იყო, ფიქრობდა მაკდუგალი.
"რადგან ჰიპოთეზაში განხილული ნივთიერება ორგანულად არის დაკავშირებული სხეულთან, სანამ სიკვდილი არ მოხდება, უფრო გონივრული მეჩვენება ვიფიქრო, რომ ეს უნდა იყოს გრავიტირებადი მატერიის რაიმე ფორმა. შესაბამისად, ეს შეიძლება გამოვლინდეს სიკვდილის დროს ადამიანის აწონვით", — დაწერა მან სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც საბოლოოდ 1907 წელს გამოქვეყნდა.
მაკდუგალმა დორჩესტერის საქველმოქმედო საავადმყოფოსთან დაიწყო თანამშრომლობა. საავადმყოფო გვიანი სტადიის ტუბერკულიოზის მქონე ადამიანებს მფარველობდა. მაშინ ეს დაავადება არ იკურნებოდა.
მაკდუგალმა შეიმუშავა უზარმაზარი სასწორი, რომელიც მოიცავდა საწოლსა და ტუბერკულოზით მომაკვდავს. ტუბერკულოზი ამ ექსპერიმენტისთვის მოსახერხებელი დაავადება იყო, რადგან პაციენტები იღუპებოდნენ და ეს ხდებოდა ყოველგვარი მოძრაობის გარეშე, რაც სასწორს ზუსტად მუშაობის საშუალებას აძლევდა.
მაკდუგალის პირველი პაციენტი, მამაკაცი, მოკვდა 1901 წლის 10 აპრილს, წონის უეცარი ვარდნით — საუბარია 21,2 გრამზე. და აი ამ მომენტში ლეგენდა დაიბადა. შესაბამისად, შემორჩა 21 გრამი. თუმცა, მაკდუგალის შემდეგმა პაციენტმა სიკვდილის შემდეგ 14 გრამი დაკარგა. ეს სუნთქვის შეწყვეტიდან 15 წუთის შემდეგ მოხდა. მესამე პაციენტის შემთხვევაში დანაკარგი ორ ეტაპიანი იყო. პირველად 14 გრამი, შემდეგ კი 28,3.
მეოთხე შემთხვევა კიდევ უფრო ბუნდოვანი იყო. ის ფაქტიურად არ არის აღწერილი, ხოლო მეხუთე შემთხვევაში დანაკარგი 10,6 გრამი იყო. თუმცა, შემდეგ შეკითხვა გაჩნდა სასწორის გამართულობასთან დაკავშირებით, რამაც ზოგადადაც სხვა ეჭვები გააჩინა.
ამის შემდეგ მაკდუგალმა გაიმეორა ექსპერიმენტები 15 ძაღლზე და ვერ აღმოაჩინა წონის კლება — მისი აზრით, ძაღლებს სული არ ჰქონდათ.
მაკდუგალმა თავისი შედეგები 1907 წელს ჟურნალ American Medicine-სა და Journal of the American Society for Psychical Research-ში გამოაქვეყნა. მან ასევე გამოაქვეყნა ჩანაწერი The New York Times-ში.
პასუხგაუცემელი შეკითხვები
მაკდუგალის კვლევას ჰქონდა უზუსტობები. მეტიც, მაშინაც კი იყო ეჭვები, რომ მკვლევარი სუბიექტური იყო და მისი სასწორი არ იყო ზუსტი.
მაკდუგალის დამსახურებად უნდა აღინიშნოს, რომ მან დამატებითი კვლევების საჭიროებაც აღიარა. თუმცა, ეს აღარ მომხდარა — ნაწილობრივ ეთიკური მიზეზების გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ასეთი ექსპერიმენტი ცოტა უცნაურია.
მერი როუჩის წიგნის "Spook: Science Tackles the Afterlife" (W. W. Norton & Co., 2005) მიხედვით, ორეგონში 2000 წელს მსგავსი ექსპერიმენტი ათეულ ცხვარზე ჩაატარეს. ამ შემთხვევაში ცხვრების უმეტესობამ 30-დან 200 გრამამდე მოიმატა. თუმცა, ეს მატება გაგრძელდა რამდენიმე წამი, სანამ ცხვრები დაუბრუნდებოდნენ თავდაპირველ წონას.
როუჩმა ასევე განაცხადა, რომ ექიმმა გერი ნაუმმა, ქიმიურმა ინჟინერმა, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში, შეიმუშავა ჰიპოთეზა, რომ სული, ან სულაც ცნობიერება, უნდა იყოს დაკავშირებული ინფორმაციასთან, რაც ექვივალენტურია ენერგიის გარკვეულ რაოდენობასთან.
ჩვენ ვიცით განტოლება E = mc2 — სადაც ენერგია უდრის მასას გამრავლებული სინათლის სიჩქარეზე კვადრატში. ეს ენერგია, არსებითად, შეიძლება აიწონოს საკმარისად მგრძნობიარე ელექტრომაგნიტური ინსტრუმენტებით.
ნაუმს არ მიუღია დაფინანსება ამ ექსპერიმენტებისთვის, რომლებიც დაამტკიცებდა იყო ის თუ არა მართალი. ის ახლა მუშაობს Bayer Pharmaceuticals-ში.
დასკვნა ის არის, რომ მეცნიერებამ ვერ დაადგინა სულის წონა და ვერც ის, არსებობს თუ არა სული საერთოდ. ამ ეტაპისთვის ეს საკითხი რელიგიურ სფეროდ რჩება.
კომენტარები