ნახეთ: ევროპის კოსმოსური სააგენტო მზის სისტემის უდიდესი კანიონის ახალ სურათს ავრცელებს
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისიის Mars Express ფარგლებში მარსზე გაშვებულმა ზონდმა წითელ პლანეტაზე მდებარე კანიონთა უზარმაზარი სისტემის ახალი სურათი გადაიღო. ფოტოზე მარინერის ხეობას ვხედავთ, რომელიც მთელი მზის სისტემის ფარგლებში უდიდესია.
მისი სიგრძე 4 000 კილომეტრია, სიგანე 200 კილომეტრს შეადგენს, სიღრმე კი 7 კილომეტრს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწაზე მდებარე დიდ კანიონზე თითქმის 10-ჯერ გრძელი, 20-ჯერ განიერი და 5-ჯერ ღრმაა.შედარებისთვის, ეს ხეობა ნორვეგიის ჩრდილოეთ კიდიდან სიცილიის სამხრეთ კიდემდე იქნებოდა გადაჭიმული. მათ შორის განსხვავება ისიცაა, რომ პირველი ტექტონიკური ფილების განცალკევებამ წარმოქმნა, მეორე კი მდინარე კოლორადოს გავლენით ქანების ეროზიამ.
გამოსახულებაზე მარინერის ხეობის დასავლეთ ნაწილში არსებული ორი ჩაღრმავებული არეალია ნაჩვენები. მარცხნივ 840 კილომეტრი სიგრძის კანიონი იუსია აღბეჭდილი, ხოლო მარჯვნივ — 805-კილომეტრიანი ტიტონი.
ტიტონის ზედა ნაწილი მუქი შეფერილობის ქვიშითაა დაფარული, რაც პერსპექტიული ხედის ციფრულ გამოსახულებაზე შთამბეჭდავ კონტრასტს გვაძლევს. არაა გამორიცხული, რომ ის იქ ახლომდებარე ვულკანური რეგიონიდან მოხვედრილიყო.
ამ დიუნების გვერდით ღია ფერის შემაღლებული ადგილებია განლაგებული, რომლებიც მთებს მოგვაგონებს, რადგან მათი სიმაღლე 3 000 მეტრს აღწევს. თითოეულის ზედაპირი მარსზე მქროლავი ქარის გამო ეროზირებულია, ანუ უფრო სუსტი გეოლოგიური მატერიისგანაა შედგენილი.
მეორე სურათზე უკვე ასეთ ორ "მთას" შორის შედარებით მცირე ზომის შემაღლებებსაც ვხედავთ. Mars Expres-ის კვლევებით დადგინდა, რომ ამ არეალში წყლის შემცველი სულფატის მინერალებია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ბორცვები იქ არსებული თხევადი რეზერვუარის აორთქლების შედეგად გაჩენილიყო.
ზემოხსენებული წარმონაქმნის დაბლა, მარჯვენა მხარეს, პარალელური ხაზები და ერთად შეგროვებული "მიწაყრილები" ჩანს, რომლებიც ახლახან მომხდარ მეწყერზე მიუთითებს. ეს კანიონის კედლის კოლაფსმა განაპირობა. ქვედა სურათზე აღნიშნული არეალი იასამნისფრადაა მონიშნული.
კომენტარები