კრაზანა, ბუზი და ყვავილი — 30 მილიონი წლის წინანდელი ქარვა პრეისტორიულ მიკროსამყაროს გვიჩვენებს
დომინიკურ ქარვაში შემონახული მცენარე, კრაზანა და ბუზის ლარვა, პრეისტორიული მიკროსამყაროს ეს სამი წარმომადგენელი, საშუალებას გვაძლევს, დედამიწაზე ძველად არსებული ეკოსისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ.
ეს უნიკალური ნიმუშები მეცნიერმა ჯორჯ პოინერმა შეისწავლა. ახალ ნაშრომში სპეციალისტი რძიანასებრი მცენარის გვარის Plukenetia ყვავილის ნამარხს აღწერს, რომელიც ძალიან იშვიათია. ის, თავის მხრივ, ძველად ტროპიკულ ტყეებში გავრცელებული ხის, Hymenaea protera-ს გაქვავებულ ფისშია გაჭედილი და დომინიკელთა რესპუბლიკაში მდებარე მთებშია აღმოჩენილი.
ნიმუშის ასაკთან დაკავშირებით მკვლევრებს შორის აზრთა სხვაობაა. ზოგის თქმით, მასში არსებული უმარტივესი ორგანიზმი, ფორამინიფერა ადასტურებს, რომ ის 20-15 მილიონი წლის წინანდელია, სხვები კი კალციუმის კარბონატის ფირფიტებზე, კოკოლითებზე დაყრდნობით 45-30 მილიონ წელს ასახელებენ. პოინერი აღნიშნავს, რომ ქარვა ტურბულენტურ დანალექში მოხვდა, რომელიც მოგვიანებით გამყარდა. მსგავსი ნიმუშები 33.9-23 და 72.1-66 მილიონი წლით თარიღდება, ამ შემთხვევაში კი ავტორი 30 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს ვარაუდობს.
ამ ქარვის მიხედვით შეგვიძლია დამტვერვაზე, პარაზიტიზმსა და სხვა საკითხებზე ვიმსჯელოთ. რძიანასებრი მცენარეების ამჟამინდელი სახეობების დამტვერვაში მცირე ზომის კრაზანები მონაწილეობენ, რაც ზემოთ ნაჩვენები მწერის, Hambletonia dominicana-ს იმავე პოტენციურ როლზე მიანიშნებს. ისინი შთამომავლობას უფრო პატარა მწერების ლარვაზე ან კვერცხებზე ათავსებდნენ, რომლებიც მათ საკვებად იქცეოდა.
მაღალი გარჩევადობის გამოსახულებამ ყვავილის თესლში მეგალესებრი მწერის ლარვას მიაგნო, რომლის კვერცხის გარსიც დაზიანებული იყო. სავარაუდოდ, კრაზანა ინფიცირებულმა მცენარემ მიიზიდა, სადაც შთამომავლობისთვის "საკვები" ეგულებოდა.
რა თქმა უნდა, ეს გეგმა ხის ფისმა ჩაშალა, რომელშიც ეს ორგანიზმები ერთად მოხვდნენ და მილიონობით წლის განმავლობაში იქ ინახებოდნენ. ნაშრომის ავტორი ამ ყველაფერს XX საუკუნის ხელოვნების ნიმუშებსაც კი ადარებს, გრძელი ხაზებითა და ელეგანტური მრუდეებით.
მისი კვლევა გამოცემაში Historical Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები