40 წლამდე ადამიანებისთვის ალკოჰოლის მიღება საზიანოა — კვლევა
ვაშინგტონის უნივერსიტეტში არსებულ დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების მიერაა დაფინანსებული, მეცნიერებმა ალკოჰოლის მოხმარების საკითხი შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ 2020 წელს ამ სასმლის საზიანო რაოდენობა 1.34 მილიარდმა ადამიანმა მიიღო, დადგინდა ისიც, რომ 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ის საფრთხის შემცველია.
"ჩვენი გზავნილი მარტივია: ახალგაზრდა ადამიანებმა არ უნდა დალიონ, შედარებით ასაკიანებმა კი შესაძლოა, მცირე ალკოჰოლისგან სარგებელიც კი ჰქონდეთ. მართალია, არარეალისტურია იმაზე ფიქრი, რომ ისინი სასმლისგან თავს შეიკავებენ, მაგრამ გვჯერა, რომ კომუნიკაცია და უკანასკნელი შედეგებით მათი ინფორმირება მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილება ყველამ მიიღოს", — აცხადებენ სპეციალისტები.
ეს პირველი კვლევაა, რომელიც ალკოჰოლთან დაკავშირებულ რისკებს გეოგრაფიული რეგიონის, სქესის, ასაკისა და დეკადების მიხედვით აფასებს. მათ 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მცხოვრები 15–95 ან მეტი წლის ქალებისა და კაცების მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც 1990-2020 წლებში იყო შეგროვებული.
აღმოჩნდა, რომ ყველა რეგიონში ჯანმრთელობისთვის საშიში რაოდენობის სასმელს მეტწილად 15–39 წლის კაცები მოიხმარდნენ და არაფხიზელი მდგომარეობით გამოწვეული ავარიები, სუიციდისა თუ ოჯახური ძალადობის შემთხვევები სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდებოდა. მეცნიერებმა მათში ალკოჰოლის რაიმე სარგებელი ვერ გამოავლინეს. სამაგიეროდ, დადგინდა, რომ უფრო დიდ ადამიანებში ის გულის იშემიური დაავადების, ინსულტისა და დიაბეტის რისკს ამცირებს.
როგორია ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა?
პირველ რიგში, სტანდარტული დოზა ჭიქა ღვინის შემთხვევაში 110 მილილიტრია 13% ალკოჰოლით, 375-მილილიტრიანი ლუდი 3.5% ალკოჰოლითა და ვისკი თუ სხვა მსგავსი სასმელი — 30 მილილიტრი 40% ალკოჰოლით. აქედან გამომდინარე, 15-39 წლის კაცებისთვის რეკომენდებული რაოდენობა დღეში 0.136 სტანდარტული სასმელია (1/10). ქალებისთვის ოდნავ მეტი, 0.273 (1/4). 40–64 წლის ადამიანებისთვის კი ის ნახევარ ან 2 ჭიქა/ბოთლ სასმელს შორის მერყეობს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.
კომენტარები