8 პროდუქტი, რომელიც მზით დამწვრობისგან დაგიცავთ
ძნელია, ზაფხულში მცხუნვარე მზეს დაემალო, მითუმეტეს, როცა ადამიანთა დიდი ნაწილი შვებულების გატარებას ზღვაზე გეგმავს და გარუჯვასაც აპირებს, რაც დამწვრობის რისკს ზრდის. რა თქმა უნდა, ამ დროს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დასაცავად, პირველ რიგში, სპეციალური კრემები უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ პრევენცია სხვაგვარადაც შეგვიძლია.
კერძოდ, არსებობს საკვები და სასმელი, რომლის რეგულარულად მირთმევაც ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვას ააქტიურებს. ამ სტატიაში სწორედ მათზე გესაუბრებით.
1. პომიდორი
იმაზე, რომ პომიდორი მზით დამწვრობის თავიდან აცილების კარგი საშუალებაა, 2012 წლის კვლევაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, კაროტინოიდული ნახშირწყალბადის, ლიკოპინის შემცველ საკვებს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის კანს ელასტიკურობასა და ტენს მატებს და დამწვრობის სიმწვავეს ამცირებს.
კვლევის მონაწილეები 10 კვირის განმავლობაში ყოველდღე 2.5 სუფრის კოვზ ტომატს ჭამდნენ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ლიკოპინის ეს დოზა სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციით მიიღოთ. ასევე, ცნობილია, რომ ზეითუნის ზეთში მომზადებული პომიდორი ამ ორგანული პიგმენტის შთანთქმას აძლიერებს.
2. საზამთრო
ლიკოპინის ერთ-ერთი კარგი წყარო ყველასთვის საყვარელი საზამთროა, რომელსაც ზაფხულში ისედაც ხშირად მივირთმევთ. მეცნიერთა ნაშრომის თანახმად, რეალურად, ამ ხილში მისი კონცენტრაცია 40 პროცენტით მეტია, ვიდრე იმავე რაოდენობის პომიდორში. დამატებით, მისი სასარგებლო თვისება ისიც გახლავთ, რომ წყლითაა გაჯერებული, რაც კანისთვის ძალიან კარგია.
3. ყურძენი
ყურძენი მზის სხივებისგან მიყენებული მოლეკულური დაზიანებისგან გვიცავს. ამას ექსპერიმენტი აჩვენებს, რომლის დროსაც ცდისპირები მშრალად გაყინული ხილის მარცვლების ფხვნილს იღებდნენ. 14 დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათში ულტრაიისფერი რადიაციისადმი მგრძნობელობა შემცირდა, რადგან კანის გაწითლებისთვის დაახლოებით 75 პროცენტით მეტი გამოსხივება იყო საჭირო.
ასევე, ბიოფსიამ ნაკლები დაზიანებული დნმ და კანის მკვდარი უჯრედი გამოავლინა. მონაწილეები დღეში 2 ¼ ჭიქა ყურძენს ჭამდნენ. ეს ყველაფერი ორგანული ნაერთის, პოლიფენოლის დამსახურებაა, რომელსაც ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს.
4. მწვანილი
რაციონში ყოველდღიურად ანტიოქსიდანტების მცირე დოზით შეტანა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეპიდერმისის სიჯანსაღის შენარჩუნებაში გვეხმარება. კანის ეს ზედა ფენა წყალგაუმტარი ბარიერია, რომელიც თმის ფოლიკულებს, საოფლე ჯირკვლებსა და დამაკავშირებელ ქსოვილს იცავს. მათგან თითოეული მზის სხივების მიმართ ყველაზე მოწყვლადია.
ასეთი პროდუქტი სწორედ მწვანილია. მაგალითად, ორეგანო, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს. გაითვალისწინეთ, რომ ცოცხალი ან გამხმარი მწვანილი ბევრად სასარგებლოა, ვიდრე თერმულად დამუშავებული.
5. მწვანე ჩაი
მზით დამწვრობის პრევენციიისთვის ეფექტიანია მწვანე ჩაი, რომელიც ქიმიურ ნაერთ ეპიგალოკატექინა გალატითაა მდიდარი. ამას თაგვებზე ჩატარებული კვლევაც ცხადყოფს, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ულტრაიისფერი რადიაციის ქვეშ მყოფი მღრღნელები, რომლებსაც მწვანე ჩაის ასმევდნენ, კანის სიმსივნის ჩამოყალიბების ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ.
6. ყავა
მსგავსი თვისების მქონე კიდევ ერთი სასმელი ყავაა, ურომლისოდაც დღის დაწყება ადამიანთა უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია. სპეციალისტთა ერთ-ერთი ნაშრომიდან ვიგებთ, რომ საკმარისი რაოდენობით ყავის დალევასა და მელანომის, ანუ კანის სიმსივნის გაჩენის ნაკლებ შანსს შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ კოფეინის დიდი დოზა შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს, ყავაში ჩაყრილმა შაქრის "მავნებლობამ" კი მისი სასარგებლო თვისებები გადაფაროს.
7. კაკაო
გიყვართ შოკოლადი? თუ კი, თქვენთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს. კაკაო, რომლისგანაც ის მზადდება, ულტრაიისფერი რადიაციით გამოწვეულ კანის დაზიანებას აგაცილებთ თავიდან. ეს მცენარეული ნაერთების, ფლავანოლების დამსახურებაა, რომელთაც სხეულზე იგივე გავლენა აქვს, როგორიც ლიკოპინით მდიდარ საკვებს, მაგალითად, პომიდორს. საუკეთესო ეფექტისთვის შოკოლადის ისეთი ფილები მიირთვით, რომელთაც კაკაოს 70 ან მეტპროცენტიანი შემცველობა აქვს.
8. კენკრა
ბოლო საკვები კენკრა გახლავთ, რომელიც ბევრ ჩვენგანს უყვარს. საქმე იმაშია, რომ მათში შემავალი ელაგის მჟავა მზის სხივებთან შეხებაზე სხეულის ანთებით რეაქციას ამცირებს. ის გვხვდება მარწყვში, ჟოლოსა და მოცვში. ეს მჟავა ანელებს ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც კანის უჯრედებში კოლაგენის დაშლაში მონაწილეობს.
დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ ამ პროდუქტების იმედზე არ უნდა იყოთ. აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური კრემები და სერიოზული დამწვრობის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები