ამასთან, ბაღირზადე სამართალდამცავებისგან ბოდიშს ითხოვს, რადგან მისი თქმით, ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის დაკითხვის დროს პოლიციელებმა ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბაღირზადეს ადვოკატმა, ფახრადინ მეჰდიევმა, OC Media-ს განუცხადა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ "დამნაშავეები არ დაისჯებიან".

სიძულვილის წახალისებისა და ხელისუფლების დამხობის შეთქმულების ბრალდებით ბაღირზადე ამჟამად 20-წლიან სასჯელს იხდის. ის 2015 წელს ბაქოში, ნარდარანის სამეზობლოში ძალადობრივი დარბევისას დააკავეს — იმ დროს 7 ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი დაიღუპა.

მუსლიმთა ერთიანობის მოძრაობის წევრი, რაზი აბბასოვი, რომელსაც 20 მაისს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 წელი მიესაჯა, აცხადებს, რომ დაკითხვის დროს სამართალდამცავებმა აწამეს და ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

სხდომის გარეთ ჯგუფის სამი სხვა წევრიც დააკავეს და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ისინიც აცხადებენ, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს აწამებდნენ.

18 ივნისს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში, სუმგაითში სამი რელიგიური აქტივისტი კედელზე წარწერების გაკეთების გამო დააკავეს — ისინი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთ აქტივისტს, იასინ აჰმადოვს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა უცნობია, რომელი მუხლით.

მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, აბდულფაზ ბუნიადოვმა Turan-ს განუცხადა, რომ მათ არ აქვთ არავითარი "განსაკუთრებული ან შეუძლებელი მოთხოვნები".

"ჩვენ, მორწმუნეებს პოლიტიკური მოთხოვნები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნაზე უარს არ ვიტყვით. ჩვენ უბრალოდ არ მივიღებთ ქვეყანაში სამართალდამცავების მიერ ღმერთის შეურაცხყოფას. ჩვენს სახელმწიფოსა და სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, რომ მიიღონ ზომები და დასაჯონ ის, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა", — თქვა მან.

მან ასევე გააკრიტიკა მთავრობა, რომელიც ბაღირზადეს შიმშილობის შესახებ არაფერს ამბობს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ღმერთის შეურაცხყოფა უარყვეს, თუმცა დაკავებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.