აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრალური მოედნიდან მსვლელობა პოლიციის განყოფილების, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობისა და მმართველი პარტიის ოფისისკენ მოაწყვეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით, "შეაჩერე ტერორიზმი" და "შეაჩერე მკვლელი".

იქ შეკრებილებმა მმართველი პარტიის ოფისთან წითელი საღებავი დაასხეს და შესასვლელთან სათამაშო თოფები დატოვეს.

ოპოზიციის ლიდერები ინციდენტში ფაშინიანის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო მკვლელობებს შესაძლებელს ხდიან. ადგილობრივი მედიები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სროლას წინ უძღოდა კამათი ადგილობრივ დეპუტატთან, ასევე, გამგებლის მოადგილესთან კავშირში მყოფ პირებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც "პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე არასასიამოვნო კომენტარები" გააკეთეს.

ამ დროისთვის ეს ბრალდებები დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. ინციდენტში ბრალდებული 32 წლის კაცი უკვე დაკავებულია.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სასიკვდილო დაპირისპირება აღწერილია, როგორც საგზაო დაპირისპირების საკითხის გაგრძელება.

მათი თქმით, 18 ივნისს აპარანში 32 წლის კაცი სხვა მანქანას დაეჯახა და მძღოლი ცუდად ტარებაში დაადანაშაულა. დაპირისპირებაში ადგილობრივებიც ჩაერთნენ.

19 ივნისს 32 წლის კაცი, მისი ძმა და რამდენიმე სხვა ადამიანი აპარანში ერთ-ერთ იმ ადგილობრივს შეხვდნენ, რომელიც წინა დღით ინციდენტში იღებდა მონაწილეობას და სცემეს. იმავე დღის 19:00 საათზე, კამათი "რაღაც საკითხზე" სოფელ ნიგავანთან ნაგავსაყრელზე გაგრძელდა, სადაც 32 წლის კაცმა "ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა", რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.

პოლიციამ და საგამოძიებო კომიტეტმაც უარყვეს, რომ ინციდენტი პოლიტიკური დაპირისპირების გამო დაიწყო.

აქცია სომხეთის ოპოზიციის თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გაიმართა — ისინი ნიკოლ ფაშინიანი გადადგომას ითხოვენ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით გააკეთა.

ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში სომხეთის ალიანსმა აღნიშნა, რომ ინციდენტში "მმართველი პარტიის წევრები მონაწილეობდნენ".

სომხეთის ყოფილი მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ აპარანში მომხდარი "სისხლიანი" მოვლენები "ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ბანდად იქცა". მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფაშინიანი პრემიერმინისტრი აღარ იქნება, პარტია უნდა აკრძალონ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.