სომხეთის ოპოზიციამ ცენტრალური მოედნიდან კარვები აიღო
სომხეთის ოპოზიციამ, რომელიც ბოლო ერთის თვის განმავლობაში უწყვეტ პროტესტს მართავდა, ერევნის ცენტრალური მოედანი დატოვა. მათ კარვები იქ პროტესტის დაწყების დღიდან, მაისში დადგეს და 15 ივნისს აიღეს.
სამშაბათს გამართულ აქციაზე, როდესაც დემონტაჟის შესახებ გამოცხადდა, ოპოზიციის დეპუტატმა, იშხან საღათელიანმა თქვა, რომ პროტესტის მოძრაობა გაგრძელდება მანამ, სანამ მთავარ მიზანს, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენებას არ მიაღწევენ.
საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც სომხეთის ალიანსისა და მე მაქვს პატივის ბლოკებისგან შედგება, უარი თქვა საპარლამენტო სესიებში მონაწილეობაზე. ამის ნაცვლად, ისინი პირველ მაისს დაწყებულ პროტესტს შეუერთდნენ და პირობა დადეს, რომ ფაშინიანის გადადგომამდე ქუჩას არ დატოვებდნენ.
სამშაბათს საღათელიანმა განაცხადა, რომ მოედანზე კარვების გაშლის აუცილებლობა აღარ იყო და მოძრაობის მომავალი ამაზე აღარ არის დამოკიდებული. ოპოზიციის ლიდერებმა მომდევნო კვირაში მარშები და აქციები დააანონსეს.
მისი თქმით, კარვების აღების მიუხედავად, ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტში არ დაბრუნდებიან და ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ.
ოპოზიცია პრემიერმინისტრის გადადგომას აპრილის შუა რიცხვებიდან ითხოვდა, მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ დათმობაზე მიანიშნა. ფაშინიანმა თქვა, რომ სტატუსის მოთხოვნების შესახებ "თამასის დაწევით" სომხეთი საერთაშორისო საზოგადოებაში "კონსოლიდაციას" მოიპოვებს.
ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის თანახმად, პროტესტის მონაწილეების რაოდენობამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ათი ათასს გადააჭარბა — თუმცა ეს მხოლოდ პროტესტის პირველ დღეებში იყო.
ერთთვიანი მობილიზაციის მიუხედავად, სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, ოპოზიციას უგულებელყოფს და პროტესტის შესახებ განცხადებებს იშვიათად აკეთებს. ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ეს ახსენეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი სომეხი კოლეგის შეხვედრის დროს იყოს. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ პროტესტს დიდი "საზოგადოებრივი მხარდაჭერა" არ აქვს.
მზარდი ძალადობა
ძალადობრივ რიტორიკასთან ერთად, აქციებს ხშირად ახლდა შეტაკებები და ფიზიკური ძალადობა პოლიციის, ასევე, მონაწილეების მხრიდან.
პროტესტის დაწყების დღიდან, პოლიციელების მონაწილეობით 20-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა — მათ დემონტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ედავებიან. სომხეთის სახალხო დამცველმა მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული "არაპროპორციული" ძალა დაგმო.
ამასთან, პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით, აქციის ათობით მონაწილეს წაუყენეს ბრალი. განსაკუთრებით, 3 ივნისს მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რა დროსაც, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 39 სამართალდამცველი.
შეტაკებების დროს ვიდეოკამერაში აღბეჭდილი ერთ-ერთი ინციდენტის დროს ჩანს, აქციის მონაწილე პოლიციას უროთი ესხმის თავს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები