ბოლო დღეებია ბიძინა ივანიშვილის "დამსახურებებზე" საუბარი ისევ აქტუალური გახდა. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესების მოწოდებაა, მმართველი გუნდის წევრებს საშუალება მიეცათ ივანიშვილი კიდევ შეექოთ და მადლიერება დაემტკიცებინათ.

ითქვა, რომ სამების ამშენებელი სანქციებს არა, თუმცა ღირსების ორდენზე მეტს ნამდვილად იმსახურებს. ამის პარალელურად, ევროპარლამენტის კრიტიკასაც არ მორიდებიან. "ოცნება" ფიქრობს, რომ ამ რეზოლუციას "ჩალის ფასი" აქვს. თუმცა ჩალა რა ღირდა არ ვიცოდით, სანამ ალუდა ღუდუშაურმა არ გვითხრა, რომ რეზოლუციას ნულის ფასი აქვს.

გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ქება და კრიტიკა ერთად შეგვეგროვებინა. გადავხედოთ, რას ფიქრობს მმართველი გუნდი დასავლელ პარტნიორებზე და რას ივანიშვილზე.

1. კობახიძე: რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს, ჩალის ფასი აქვს

ფოტო: ქართული ოცნება

რა თქმა უნდა, ეს სია ირაკლი კობახიძის გარეშე ვერ ჩაივლიდა და სწორედ ის გახსნის. ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის მიღებიდან მალევე ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ მის "უმნიშვნელობაზე" ისაუბრა. შემდეგ კი დამფუძნებლის "მიღწევები" ჩამოგვითვალა.

რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების — სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს.

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ იქვე იმედიც გამოთქვა, რომ როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით, "სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება". მოქმედ ეპროპარლამენტარებს კი ფეიკ ნიუსების მსხვერპლი უწოდა.

ეს პოზიცია არაერთმა წევრმა გაიმეორა. მაგალითად, დეპუტატმა გია ვოლსკიმ ცოტა ფორმულირება შეცვალა და თქვა, რომ "ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც ფეიკს ქმნიან". მას არც ევროპული გზის არჩევაში ივანიშვილის "ლომის წილის" ხსენება დავიწყებია.

2. მათიკაშვილი: რის სანქცირებას ითხოვენ, სამების ტაძრის?!

ფოტო: დავით მათიკაშვილი / Facebook

დიახ, ქართული ოცნების ერთ-ერთ წევრს, დავით მათიკაშვილს მიაჩნია, რომ ივანიშვილის დასანქცირება სამების დასანქცირებაცაა. განა მარტო სამების? ასევე, ღირსების გრძნობის და მრავალი სხვა რამისაც.

საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის?! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?! ეს სია, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი, შესაძლოა, დაუსრულებლად გაგრძელდეს....

დავით მათიკაშვილი

მისი აზრით, ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული და მოამაგეა. თქვა ისიც, რომ მისმა მოღვაწეობამ უდიდესი სიყვარული დათესა.

3. კახაძე: ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით დაიმსახურა ორდენზე მეტი

9 ივნისს შეიქმნა პეტიცია, რომლითაც ივანიშვილისთვის ორდენის მინიჭებას ითხოვდნენ. პეტიცია უკვე აღარ იძებნება, თუმცა დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ სიამოვნებით დაუჭერდა მხარს ამ ინიციატივას.

კახაძის გარდა, ივანიშვილისთვის ორდენის გადაცემის წინააღმდეგი არ არის არც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

ბიძინა ივანიშვილს უნდა მიენიჭოს ბევრად მეტი, ვიდრე ღირსების ორდენია, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ... ყველა ორდენი, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაზე.

ელისო ბოლქვაძე

4. ღუდუშაური: ამ რეზოლუციას, რომელიც ბატონი ივანიშვილის თითქოსდა სანქცირებას ეხება, ნულის ფასი აქვს

ამას ნამდვილად ვერ გამოვტოვებდით, ამიტომ იხილეთ ვიდეო, რომელშიც დეპუტატი ალუდა ღუდუშაური გვიხსნის, რისი ფასი აქვს ჩალას, უფრო ზუსტად, რეზოლუციას.

5. წულუკიანი: ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული

ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

თანაპარტიელებთან ერთად ივანიშვილის მნიშვნელობა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც შეგვახსენა და აქვე ისიც აღნიშნა, რომ არ არსებობს პლატფორმა, რომელიც დაიტევს მის სიკეთეზე საუბარს. მისი თქმით, ევროპარლამენტში სამასიოდე ევროპელია, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილს კარგი საქმეები არ გაუკეთებია.

ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა.

თეა წულუკიანი

6. ჩიქოვანი: ყველა უნდა იყოს პირნათელი იმ დამსახურების წინაშე, რომელიც გააჩნია ივანიშვილს

ივანიშვილის დამსახურებების მთხრობელთა სიაში იყო ირაკლი ჩიქოვანიც, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა პირნათელი უნდა ვიყოთ.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არა 2012 წელს ივანიშვილის თაოსნობით ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, დღეს როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით ნაციონალური მოძრაობის პირობებში.

ირაკლი ჩიქოვანი

7. ბოლქვაძე: ბიძინა ივანიშვილის დამსახურება უკიდეგანოდ დიდია

კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს სწორ განვითარებასა და მშვიდობიანი ქვეყნის ჩამოყალიბებაში ექსპრემიერის დამსახურებები "უკიდეგანოდ დიდია". მან შეშფოთებაც კი გამოთქვა და კობახიძის მოსაზრება გაიმეორა, რომ ევროპარლამენტარები ფეიკს ემსხვერპლნენ.

8. კალაძე: ივანიშვილზე, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენტი, გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია

თანაპარტიელებს არ ჩამორჩა არც თბილისის მერი კახა კალაძე. მან ივანიშვილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, არ ეთანხმება.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის NATO-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია — ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია

კახა კალაძე

9. დავითულიანი: მთავარია, ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი და ივანიშვილი თვითონ გაგვამხნევებს

ამდენი ქების ფონზე, დეპუტატი ბექა დავითულიანი გვიმტკიცებს, თითქოს ივანიშვილს გამხნევება არ სჭირდება, პირიქით.

არ მგონია ბიძინა ივანიშვილს ჩვენი გამხნევება სჭირდებოდეს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან მხნედ იქნება ისედაც, დარწმუნებული ვარ... მთავარია, ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი და რამენაირად ბიძინა ივანიშვილი თვითონ გაგვამხნევებს აქეთ.

ბექა დავითულიანი

10. სამხარაძე: ივანიშვილმა გადაარჩინა საქართველო!

ფოტო: დიმიტრი სამხარაძე / FB

და ბოლოს, პარტიის კიდევ ერთი წევრს, დიმიტრი სამხარაძეს გონია, რომ ვიღაცებმა კარგად ვერ გაიცნეს საქართველო, რადგან "შიდა მტრის ნათქვამს იჯერებენ".

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა საქართველო! ჩვენ, ქართველები, სხვანაირი ერი ვართ, სიკეთეს არავის ვუვიწყებთ, მაგრამ არც მტრობას ვივიწყებთ! არც არავის მივცემთ უფლებას, რომ უდანაშაულო და მართალ კაცს ცილი დასწამოს!

დიმიტრი სამხარაძე


ქება-დიდების ამ ფრაზების ფონად ევროპარლამენტის კრიტიკით, მმართველი გუნდი მოსახლეობის ნაწილში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ერთ-ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისიც კი თქვა, რომ თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.

კონსტიტუციაში დეკლარირებული დასავლური კურსიდან ასეთ გადახვევას მალე მოყვა კრიტიკა. "ოცნებაში" პასუხად თქვეს, რომ ხუნდაძის აზრი პარტიის ოფიციალური პოზიცია არაა, თუმცა შემდგომ განცხადებებში მსგავსი ნარატივი თავადაც გაატარეს.