მეცნიერებმა გულის მაკროფილამენტების 3D ბეჭდვის ტექნიკა შეიმუშავეს — წინსვლა კარდიოლოგიაში
მეცნიერებისათვის სილიკონითა და პაციენტთა უჯრედებით გულის ნაწილების 3D ბეჭდვა ახალი არაა, თუმცა ჯერჯერობით ეს ნიმუშები ბევრად ჩამოუვარდება რეალურ გულს და შესაბამისად, არ ვარგა სხვადასხვა ტრავმების სამკურნალოდ. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით მაინც არის წინ გადადგმული ნაბიჯები — ჰარვარდის Wyss Institute-ის ჯგუფმა შეიმუშავა გულის გრძელი მაკროფილამენტების სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნიკა. ეს ახალი მეთოდი იმეორებს გულის კუმშვადი ელემენტების ურთულეს მოძრაობებს, გამოყენებული მასალა კი საკმარისად სქელია იმისათვის, რომ მისით გულის ქსოვილების აღდგენა შეიძლებოდეს.
ახალი სისტემა Wyss Institute-ის მანამდე არსებულ SWIFT ბიობეჭდვის ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსიაა. მათი მიდგომის მიხედვით შეიქმნა პლატფორმა 1050 ღრმულით, თითოეულში ორი მიკროსკოპული სვეტით, რომელშიც მოთავსებულია მრავალი პლურიპოტენტული (სხვადასხვა ტიპის უჯრედად ჩამოყალიბების შესაძლებლობის მქონე) უჯრედი, კოლაგენი და შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები. ეს კომბინაცია ქმნის მტკიცე ქსოვილს, რომელიც ბიობეჭდვაში "მელნის" როლს ასრულებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ეს ჯერ გულის მხოლოდ მცირე ნაწილია. დიახ, ეს ტექნოლოგია მართლაც საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი სანამ ამ გზით სრულფასოვან, ფუნქციურ გულს "დავბეჭდავთ".
Wyss-ის ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათი მეთოდი გულის სრულ დაბეჭდვამდეც ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს. დაბეჭდილი ფილამენტები გულის შეტევის შედეგად გაჩენილი იარების სამკურნალოდ, ანდაც სხვადასხვა დაავადებების მოდელირებისთვის გამოდგება. ისიც კი დასაშვებია, რომ ფილამენტებით გულის თანდაყოლილი დაავადებების მქონე ჩვილებს უმკურნალონ. მარტივად რომ ვთქვათ, მომავალში დაზიანებული გული შესაძლოა აღარ იყოს ისეთი პერმანენტული პრობლემა, როგორიც დღესაა.
კომენტარები