რატომ ჭამდნენ ევროპელები მუმიებს? — ეგვიპტური ციებ-ცხელების შემაძრწუნებელი ისტორია
შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნემდე ევროპა ნამდვილი ეგვიპტური ციებ-ცხელებით იყო მოცული. ამ დროს ადამიანები მუმიების მანიით იყვნენ შეპყრობილნი და სათანადოდ დამუშავებულ უძველეს ნაშთებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჭამდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით სხვადასხვა დაავადებას უმკურნალებდნენ.
დიახ, იყო დრო, როცა მუმიები ევროპაში სამედიცინო საშუალებად გამოიყენებოდა, როგორც წარჩინებულებში, ასევე, უბრალო მოსახლეობაში. ეგვიპტური სარკოფაგებიდან ამოღებული ნეშტებისგან დამზადებული სპეციალური ფხვნილი აფთიაქებში
XII საუკუნიდან უკვე აქტიურად იყიდებოდა, რაც მომდევნო 500 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
რა თქმა უნდა, ამ "უებარი საშუალების" ყველას არ სჯეროდა, განსაკუთრებით მეცნიერებს. მათ შორის იყო XVI საუკუნეში მოღვაწე ექიმი, გაი დე ლა ფონტეინი. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ასეთი "მედიკამენტი" უძველესი მუმიებისგან ნამდვილად არ მზადდებოდა (რაშიც ფონტეინი ალექსანდრიაში ყოფნისას დარწმუნდა), ანუ საქმე გაყალბებასთანაც გვქონდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ეგვიპტიდან ჩამოტანილი, საუკუნეების წინანდელი მუმიების რაოდენობა საზოგადოების მზარდ მოთხოვნას უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებდა.
ზოგი ექიმის აზრით, მუმიების სისხლი და ხორცი ადამიანებს სიცოცხლისუნარიანობას მატებდა. გამოიყენებოდა ძვლებიცა და თავის ქალაც. მსგავსი ფხვნილის ერთ-ერთი ცნობილი მომხმარებელი ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე, ჩარლზ II გახლდათ.
XIX საუკუნისთვის ეს შემაძრწუნებელი პრაქტიკა გაქრა. სამაგიეროდ, ევროპელებმა მუმიებს ახალი დანიშნულება მოუძებნეს, რომელიც უფრო გართობას უკავშირდებოდა. კერძოდ, ეწყობოდა კერძო წვეულებები, რომლებიც ეგვიპტური მუმიების გახსნას ეძღვნებოდა. ასეთი სანახაობები იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იყო.
ამასთან, ზემოხსენებულმა "გასართობმა" გარკვეულწილად სამედიცინო მნიშვნელობა მაინც შეინარჩუნა. მაგალითად, 1834 წელს ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯში ქირურგმა თომას პეტიგრიუმ მუმია სახალხოდ გახსნა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ოპერაციები და ავტოფსიები სწორედ ხალხის წინაშე ტარდებოდა.
XX საუკუნის დადგომასთან ერთად, ეს ტალღაც ჩაცხრა. მსგავსი რამ ახლა უკვე მდარე გემოვნებასთან და არქეოლოგიური ნიმუშების ხელყოფასთან ასოცირდებოდა. სამაგიეროდ, ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ, ეგვიპტური მუმიების მოტივმა უკვე დეკორაციებში, არქიტექტურასა და დიზაინში გადაინაცვლა. ექსპედიციის სპონსორის უეცარმა სიკვდილმა კი ხალხი "მუმიების წყევლაზე" აალაპარაკა.
რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, იმის მიუხედავად, რომ მუმიებს აღარავინ მიირთმევს, შავ ბაზარზე მათით ვაჭრობა ისევ უდიდესი პრობლემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუმიების მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა.
კომენტარები