ნახეთ: NASA-ს აპარატმა მარსზე საკუთარი რეკორდული ფრენის ვიდეო გადაიღო
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა Ingenuity წითელ პლანეტაზე 18 აპრილს 25-ე ფრენა შეასრულა და მისივე დამყარებული 2 რეკორდი გააუმჯობესა — სიმაღლისა და სისწრაფის. კერძოდ, აპარატი ცაში 704 მეტრზე აიჭრა და წამში 5.5 მეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ამ ყველაფრის ვიდეოზე აღბეჭდვა Ingenuity-ზე დამონტაჟებულმა, ქვემოთ მიმართულმა სანავიგაციო კამერამ შეძლო, რომლის მიერ გადაღებულ შავ-თეთრ კადრებშიც მარსის ზედაპირზე მოძრავ ჩრდილს ვხედავთ. დასაწყისში ის უკვე 10 მეტრ სიმაღლეზეა და სამხრეთ-დასავლეთით მიიწევს. მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად ვერტმფრენს 3 წამზე ნაკლები დასჭირდა.
მან ჯერ წითელი პლანეტის ტალღოვან გრუნტს გადაუფრინა, შემდეგ შედარებით ქვიან არეალში გადაინაცვლა, ბოლოს კი სწორი ზედაპირის მქონე ადგილზე დაეშვა. 161.3-წამიანი ვიდეო დაახლოებით 5-ჯერ არის აჩქარებული, რამაც ის 35 წამამდე შეამოკლა.
სანავიგაციო კამერა ისეა პროგრამირებული, რომ ზედაპირთან 1 მეტრზე მიახლოებისას ითიშება, რათა Ingenuity-ის დაშვებისას გრუნტიდან ამოფრქვეულმა მტვერმა არ შეუშალოს ხელი. აღსანიშნავია, რომ მისი ფრენა ავტონომიურია. დედამიწიდან ბრძანებები მარსმავალ Perseverance-ს ეგზავნება, რომელიც მათ მეზობელ აპარატს გადასცემს.
ფრენისას ვერტმფრენზე დამონტაჟებული სენსორები სანავიგაციო პროცესორსა და მთავარ კომპიუტერს რეალურ დროში მოპოვებულ მონაცემებს პირდაპირ აწვდის, რაც კონკრეტული მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფს. უნდა ითქვას, რომ Ingenuity ცოტა ხნის წინ ენერგიის ნაკლებობას განიცდიდა, თუმცა ეს პრობლემა მოგვარებულია და მისი მზის პანელები ნორმალურად ფუნქციონირებს.
კომენტარები