უძველეს მინერალში 830 მილიონი წლის ასაკის, პოტენციურად ჯერ კიდევ ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინეს
გეოლოგთა გუნდმა ავსტრალიის ტერიტორიიდან მოპოვებულ უძველეს ჰალიტში, იგივე ქვამარილში, 830 მილიონი წლის ასაკის წყალმცენარეებისა და პროკარიოტების კვალს მიაგნეს. თანაც, ეს ორგანიზმები შესაძლოა, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.
ნატრიუმის ქლორიდისგან ფორმირებულ მინერალებში ორგანული მატერია ისე არ ინახება, როგორც, მაგალითად, ქარვაში ან ადრეულ ქანებში. მათში კრისტალების წარმოქმნისას მცირე რაოდენობით სითხე ხვდება. მსგავსი ინკლუზიები იმდროინდელი წყლის რეზერვუარების სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. რაც მთავარია, ასეთ, მარილით მდიდარ არეალებში მიკროორგანიზმებსაც ვაწყდებით.
სწორედ ამგვარი ადგილია ავსტრალიის გაუდაბნოებული შუაგული, სადაც ძველად ზღვა იყო. იქ მდებარე ბრაუნის ფორმაცია (ქანებს კომპლექსი) ნეოპროტეროზულ ეპოქას ეკუთვნის. სპეციალისტებმა იქიდან ჯერ კიდევ 1997 წელს აღებული ჰალიტის ნიმუში შეისწავლეს, რისთვისაც არაინვაზიური ოპტიკური მეთოდი გამოიყენეს.
შედეგად, მათ ქვამარილში გამომწყვდეულ მყარ და თხევად ორგანულ მატერიას მიაკვლიეს, რომელიც პროკარიოტული და ევკარიოტული უჯრედებისგან შედგება, რაც მეცნიერებმა თითოეულის ზომის, ფორმისა და ულტრაიისფერი ფლუორესცენციის გაანალიზების გზით დაადგინეს.
ავტორთა თქმით, ზოგ ნიმუშში ორგანული დაშლის კვალი აღინიშნება, ზოგი კი იმის იმედსაც გვაძლევს, რომ იქ მობინადრე ორგანიზმების ნაწილმა სიცოცხლე ამ დრომდე შეინარჩუნა, რაც ასეთი მიკროგარემოს პირობებში შესაძლებელია.
ახალი მიგნება არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მარსსა და სხვა ციურ სხეულებზე არსებული მინერალების სათანადო შესწავლაში დაგვეხმარება. ეს კი არამიწიერი სიცოცხლის ძიების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geology გამოქვეყნდა.
კომენტარები