გარდაბანში ქარხანა შენდება, რომლის მიერ გადამუშავებული ნაგავი ექსპორტზე გავა
2018 წელს, გარდაბანში, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება, რომელიც თბილისში, თბილსერვისჯგუფის მიერ შეგროვებული ნაგვის სრულ მოცულობას გადაახარისხებს და გადაამუშავებს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ლადო კილასონია On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქარხნის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.
ქარხანას შპს კა დე ვე ჯორჯია ააშენებს, რომელიც ინტერესის გამოხატვის დოკუმენტის საფუძველზე გამოვლინდა. მონაწილეობა სულ 13-მა კომპანიამ მიიღო, მათ შორის იყო როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები.
უწყებათაშორისმა კომისიამ ქართული კომპანია, შპს კა დე ვე ჯორჯია გამარჯვებულად გამოავლინა.
"მასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულს უნდა წარმოედგინა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში და მშენებლობის ნებართვა. კა დე ვე ჯორჯიამ კეთილმოწყობის სამსახურს ორივე დოკუმენტი უკვე წარუდგინა და ახლა ხელშეკრულებაზე მუშაობას ვიწყებთ, რომელიც, დაახლოებით, 30-40 დღეში გაფორმდება, რის შემდეგაც მშენებლობების ეტაპი დაიწყება" - ამბობს ლადო კილასონია.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 12-13 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
ლადო კილასონიას თქმით, ქარხანა მუშაობას 2018 წელს დაიწყებს:
"უშუალოდ ცხრათვიანი პერიოდი არის საინსტალაციო სამუშაოები, ორთვიანი პერიოდი ქარხნის სატესტო რეჟიმში ამუშავებას სჭირდება. დაახლოებით ერთი წლის ვადაში უკვე გაეშვება ქარხანა".
როგორც კილასონია ამბობს, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მიმდებარე ტერიტორიებზე ზრუნვა და ადმინისტრაციული რესურსების რაციონალური ხარჯვის პრინციპია:
"ნარჩენების მიწაში დამარხვა დაკავშირებულია ემისიების ძალიან დიდ რაოდენობასთან, ესაა სუნი, მიწისქვეშა წყლებზე ზემოქმედება, ნაგვის ჰაერში გაფანტვა. ნარჩენის სრული მოცულობა გადამუშავდება ამ ტექნოლოგიით. გამოიხშირება მინა, რკინა და ა.შ, და რაც დარჩება, ისიც გადამუშავდება სრულად. შესაბამისად, მათ მიწაში აღარ დავმარხავთ და ემისიებსაც ავირიდებთ თავიდან".
ლადო კილასონიას თქმით, ქარხანაში, კომერციული ოპერირების დაწყებიდან, 450-დან 500-მდე ადამიანი დასაქმდება, მისი 90 პროცენტი კი ადგილობრივი იქნება, რომლებიც მუშაობის დაწყებამდე გადამზადებას გაივლიან:
"კომპანია დიდ ინვესტიციას წევს ტრენინგებზე, ამას გარდა, რამდენიმე სპეციალისტი უცხოეთიდანაც ჩამოვა. კონკრეტული მენეჯერული პოზიციის ადამიანები კი გერმანიაში ჩავლენ და მათ იქ გადაამზადებენ."
კილასონიას თქმით, თბილსერვისჯგუფის მიერ ნაგვის შემკრებ კონტეინერებში შეგროვებული ნარჩენები გადაეცემა ქარხანას, რომელსაც თავად კომპანია გადაახარისხებს:
"ჩვენ ფიზიკურ პირებს ვერ დავავალდებულებთ ნარჩენების გადაწყობას, ეს მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე უნდა მოხდეს. სპეციალური სეპარირების ხაზი თვითონ ქარხანაში იქნება, რკინა ცალკე გაიყიდება, მინა - ცალკე, ორივე მათგანი საქართველოს ბაზარზე გავა".
ქარხანა თბილისში არსებულ ნარჩენებს სრულად გადაახარისხებს:
"ამ ეტაპზე გათვლა არის მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნარჩენებზე. დღეში, საშუალოდ, ათასი ტონა ნარჩენი გროვდება თბილისში, რაც წელიწადში, დაახლოებით, 350-365 ათასი ტონა გამოდის. ცდომილება მაქსიმუმ 5-10 პროცენტის ფარგლებში იქნება.
თუ საკანონმდებლო რეგულაციები მოგვცემს საშუალებას და მუნიციპალიტეტებიც გადაწყვეტენ ამას, მიმდებარე ტერიტორიებიდანაც შევძლებთ გარკვეული რაოდენობის ნარჩენების მიღებასა და გადამუშავებას. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, პირობითად რომ ავიღოთ, მცხეთის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ხარჯი გასწიოს და ნაგავი მოიტანოს. თბილისში შეგროვილი ნარჩენი საკმარისია ქარხნის ფუნქციონირებისთვის."
ლადო კილასონიას თქმით, გადამუშავებული ნარჩენების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა, ნაწილი კი საქართველოში გაიყიდება:
"ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის დიდი ნაწილი გავა ექსპორტზე, თუმცა, მინა, რკინა და ცემენტის წარმოებაში გამოყენებადი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ძირითადი პროდუქცია, რასაც დაეფუძნება ქარხანა კადევეს ტექნოლოგია, კომპანიამ უნდა მიიღოს ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი, რომლის მოხმარებაც საქართველოში ძალიან მცირეა, შესაბამისად, კომპანიის ფინანსური გათვლებით, ის საზღვარგარეთ გაიყიდება."
ლადო კილასონიის თქმით, ქარხნის მშენებლობა მასშტაბური ხასიათის იქნება და მასზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. ქარხნის საინვესტიციო მოცულობა 81 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა.
კომენტარები