შესაძლოა, ილონ მასკმა Twitter-ის გამოყენებისთვის გადასახადი დააწესოს — ვის შეეხება ეს
ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა 44 მილიარდ დოლარად ტვიტერი შეიძინა. ცხადია, პლატფორმის სათავეში მისი გამოჩენა არაერთ ცვლილებას მოასწავებს, ამჯერად კი ბიზნესმენის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კორპორაციები და მთავრობები ტვიტერით სარგებლობისათვის გადასახადს უნდა იხდიდნენ.
"ტვიტერი ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის ყოველთვის უფასო იქნება, თუმცა კომერციულ/სამთავრობო მომხმარებლებს ის მცირე თანხა მაინც დაუჯდებათ", — წერს იგი.
მართალია, მასკი ხშირად არაერთი განცხადებით გამოდის და დანაპირებს არ ასრულებს, თუმცა გადასახადზე მსგავსი იდეა აქამდეც არსებობდა — ამასწინათ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მედია კომპანიებს ტვიტების ციტირების ან სტატიებში ჩასმისათვის გადაახდევინოს.
მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, მთავრობებისა და კორპორაციებისათვის თანხის მოთხოვნა მარტივი დასანერგი ნაკლებად იქნება (თუ, რა თქმა უნდა, მასკს ჩვენთვის უცნობი, გონებამახვილური გეგმა არ აქვს). ჩნდება რამდენიმე შეკითხვა: რამდენად დიდი უნდა იყოს კომპანია, რომ გადახდა მოსთხოვონ? ალბათ, უსამართლობა იქნება, კოკა-კოლამ და ადგილობრივმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ ერთი და იგივე თანხა რომ გადაიხადონ. როგორ შეიძლება ამის დიფერენცირება? მიმდევართა რაოდენობა განსაზღვრავს გადასახადის რაოდენობას თუ რაიმე სხვა ფაქტორი? სხვა ყველაფერი რომც მოგვარდეს, როგორ აიკრიფება გადასახადი?
თითოეული ეს ფაქტორი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის და თავისუფლად შეგვიძლია, ამას არა გეგმა, არამედ უბრალოდ იდეა ვუწოდოთ, ტვიტერის ახალი მფლობელის რეალურ ნაბიჯებს კი მხოლოდ მომავალი თუ გვიჩვენებს.
კომენტარები