აზერბაიჯანში ბოლტისა და ვოლტის კურიერები გაიფიცნენ
აზერბაიჯანში Wolt-ის ათობით კურიერი, მაღალი ანაზღაურების მოთხოვნით გაიფიცა — მოწინააღმდეგე კომპანიის, Bolt-ის კურიერები კი აცხადებენ, რომ ამ გაფიცვას შეუერთდებიან.
გაფიცვა ხუთშაბათს დაიწყო, როცა Wolt-ის 100-მდე კურიერმა კომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა და მობილური აპლიკაციების ანგარიშები გააუქმა.
ორშაბათს Bolt-ის კურიერების ნაწილმა განაცხადა, რომ ამ გაფიცვას დაბალი ანაზღაურების მიზეზით შეუერთდებოდნენ.
თავდაპირველად, Wolt-ის კურიერებისთვის გაფიცვისკენ მოწოდება Facebook ჯგუფში 21 აპრილს გამოქვეყნდა.
"თქვენ ფსიქოლოგიურად გატეხილები ხართ, გარწმუნებენ, რომ მნიშვნელოვნები არ ხართ — უბრალოდ სტატისტიკა ხართ, თქვენ ხართ ერთ-ერთი ასობით კურიერს შორის, ასობით თქვენგანია რიგში", — აღნიშნული იყო გზავნილში.
პოსტის ბოლოს ეწერა იყო, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდება.
"პატარა ფიფქებს, დიდი თოვლის გუნდების გაკეთება შეუძლიათ", — ნათქვამი იყო ტექსტში.
Wolt-ის ერთ-ერთმა კურიერმა, მაჰამად არტუნოვმა OC Media-ს განუცხადა, რომ გაფიცვის დაწყებამდე Wolt-მა არაერთხელ უგულებელყო მათი თხოვნა.
მისი თქმით, კილომეტრზე ანაზღაურება აპრილის შემდეგ 1,10 დოლარიდან, 0,94 დოლარამდე შემცირდა.
არტუნოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ყველა ხარჯს, რაც მუშაობის დროს წარმოიქმნება, მათ შორის, მანქანებთან, სამედიცინო დაზღვევასთან, ტელეფონსა და ინტერნეტთან დაკავშირებით, კურიერები თავად ანაზღაურებენ.
"ამ პირობებში, კომპანიის მიერ ჩვენთვის დაწესებული ანაზღაურება ძალიან დაბალია. ამ ანაზღაურებით ცხოვრება შეუძლებელია", — თქვა მან.
მისი თქმით, ეს კურიერებისთვის საფრთხისშემცველ გარემოებას ქმნის, რადგან სწრაფად მიწოდებაზე ზეწოლა იზრდება.
Wolt-ის მარკეტინგის მენეჯერმა აზერბაიჯანში, ტოფიგ სულეიმანოვმა Meydan TV-ს განუცხადა, რომ ისინი კურიერებს შეხვდნენ და მათი საჩივრები მოისმინეს. მისი თქმით, კომპანია იმსჯელებს, რა ქმედებები განახორციელოს.
Wolt და Bolt, რომლებიც ფინური და ესტონური კომპანიებია, მომხმარებლებს საკვებისა და სხვა საქონლის მიწოდებას შტატგარეშე მძღოლების მომსახურებით სთავაზობს. შესაბამისად, მათ სამუშაო პირობებში არ შედის ანაზღაურებადი არდადეგები, შვებულება ავადმყოფობის გამო და დაცვა უსამართლო დათხოვნისგან.
ეს, ალბათ, აზერბაიჯანის გიგ-ეკონომიკაში დასაქმებულების მხრიდან გაფიცვის პირველი შემთხვევაა.
მეზობელ საქართველოში Wolt-სა და Bolt-ის კურიერების გაფიცვის შემდეგ, იყო მცდელობა, გიგ-ეკონომიკაში დასაქმებულებისთვის პროფკავშირი შეექმნათ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები