თუ სწრაფად სიარული გიყვართ, გახარებთ, რომ ეს დაბერების პროცესს ანელებს — კვლევა
მეცნიერთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სწრაფად სიარულს დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. ეს მათ ლეიკოციტების ტელომერთა სიგრძის (LTL) შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომელიც ერთგვარი ბიომარკერი გახლავთ და ადამიანის ბიოლოგიურ ხნიერებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ეს უკანასკნელი სხეულის შემადგენელი უჯრედების მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამაზე კი, თავის მხრივ, ფიზიკური აქტიურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძოდ, სპეციალისტებმა ყურადღება სწრაფ სიარულზე გაამახვილეს და დაასკვნეს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ასეთი მსუბუქი დატვირთვის წყალობით, შუა ხნის ასაკისთვის შესაძლოა, ჩვენი ორგანიზმი 16 წლით ახალგაზრდა იყოს.
მათ საერთო ჯამში 405 981 ადამიანის გენეტიკური მონაცემები გამოიკვლიეს — ტელომერები, ანუ ქრომოსომათა დამაბოლოებელი უბნები, რომლებიც დაბერების პარალელურად პატარავდება. ამასთან ერთად, ავტორებმა ცდისპირების ფიზიკური აქტიურობის შესახებ ინფორმაციაც გაითვალისწინეს.
აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად დავდივართ, რადგან ნელი ტემპი დაბერების პროცესთან მიმართებაში ნაკლებად ეფექტიანია (მაგრამ მაინც სასარგებლოა). თანაც, ამაში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც უნდა გვიწყობდეს ხელს, მაგალითად, თავისუფლად სუნთქვა, მოძრაობის კონტროლი და ა.შ. შესაბამისად, ნელი სიარულიც თავისებური ინდიკატორია და სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკზე მიუთითებს.
გამოდის, რომ სწრაფად გადადგმული ნაბიჯი წინ, დაბერებისკენ მიმავალ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯის ეკვივალენტურია.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Communications Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები